28 თებერვალი, 2020

ლექსები მარტზე

ლექსები მარტზემარტის თვე ყველაზე ჭირვეულ თვედ არის მიჩნეული. მიუხედავად ამისა, გაზაფხულის მახარობელ თვეს ადამიანები მაინც განსაკუთრებულად ელიან.

“არტინფო” გთავაზობთ ლექსებს მარტზე:

 

გალაკტიონ ტაბიძე:

“ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი,
თეთრ ტანსაცმელში მე მოვირთვები
და წავალ ქარში, როგორც მოცარტი,
გულში სიმღერის მსუბუქ ზვირთებით.
დღეს ყველგან მზეა. ახლა ამ ბაღებს
და მყინვარს, მაღალ ზრახვათა მეფეს,
მაისი ალით ააზამბახებს,
ვით შეყვარებულს და მეოცნებეს.
ჩვენ გვირგვინები გვაქვს ოდნავ მსგავსი,
ლამაზი შუქთა მარადი ნთებით:
მე – მსუბუქ დაფნის ფოთლებით სავსე,
მყინვარს – უმძიმეს იაგუნდებით.
ამაღლდი, სულო, თეთრ აკლდამაზე
მშვენიერების ლექსით მქებელი:
დღეს ყველგან მზეა და სილამაზე
სიკვდილთან ჩემი შემრიგებელი!”

 

თამაზ ჭილაძე:

“მარტი შიშველი, ლურჯი ფეხებით
ჯერ ვერ ბედავდა, თოვლს შეხებოდა
და გაქურდული, როგორც ბეღელი,
თოვლი ჩვენს თვალწინ ნელა ქრებოდა.

მარტს ეცვა თეთრი, სველი პერანგი,
ეკიდა ტოტებს და კანკალებდა,
დაბრუნებული, ვით ბუმერანგი,
ახალი მთვარე ეგდო კარებთან.

გამოდიოდა თოვლიდან ქუჩა,
თავისუფალი, როგორც მდინარე,
თუმცა ფანჯრები ჯერ ისევ ლურჯად,
ჯერ ისევ სიზმრის დარად ბრწყინავდნენ.

ო, მარტი, მარტი… დროის კარუსელს
მიუბეს თითქოს ახალი ეტლი,
ბავშვს ოცნებებით სული აუვსეს
და დედოფალა დაუსვეს გვერდით.

ო, მარტი, მარტი… მე ისევ ვხედავ,
მე ისევ ვსუნთქავ, მე ისევ მესმის
და გულიც ისევ სიცოცხლეს ბედავს,
ამოკემსილი იმედის ნემსით.”

 

რეზო ამაშუკელი:

“თოვს,
მარტმა ამინდი არია.
შენ გავხარ ღვთისმშობელს –
მარიამს!
არ გინდა
არც რა სამკაული,
გუნდა-ლახუსტაკი
და უმარილი,
შენა ხარ პატარა სასწაული
ციდან ჩამოსული სტუმარივით.
შენს თმებს
ველური ვარდისა და
მთის თაფლის ნაზი სურნელი აქვს,
ცოტა შეიფერთხე დარდისაგან,
მაგაშიც ეშხი ურევია!..
თოვს…
ხანდახან წვიმას გამოურევს,
მარტი გიჟია და სულელია,
ადამიანს დარდს რა გამოულევს,
ჭკუათმყოფს დარდი ულევი აქვს!..
თოვს, თოვს…”

 

ოთარ რამიშვილი:

“მარტის თვეა შენი
შენს ხასიათს შვენის,
აპრილი სულ
აგაჭრელებს ფერებით,
შენ ნუკრი ხარ შვლისა
ეგ ნუკრობა გშვენის,
გაწყენინე
და მაინც მეფერები.

შემოდგომა შენთვის
შორეულ წლებს ერთვის,
ჩამოგშორდნენ
ავდრიანი მდევრები.
ვინაიდან ჩემთვის
შენ ხარ ერთადერთი,
თავს გიხრიან
იასამნის მტევნები.

საყვედურებს ვიტან
გააჩნია ვისგან,
სხვას სიტყვაში
ერთ ასოს არ შევარჩენ,
შენი სითბო მინდა
მოფრენილო ციდან,
საუბრის დროს გულწრფელ
ღიმილს რომ აჩენ.

მინდვრის ყვავილები,
როგორც კელაპტრები,
გიღიმიან
თავს მიწაზე გიდებენ.
გრძნობებს ნუ აჰყვები,
თორემ დაიბნევი
დროს კარგავენ
მის ფასს მერე იგებენ.”

 

ნიკო გომელაური:

“იწყებოდა მარტი,
წვიმა, მზეს პირს ჰბანდა
თებერვალი-სხარტი,
დაბნეული სჩანდა.
გაზაფხული-ნაზი,
იმორჩილებს ურჩებს…
და უაზრო ბრაზი
მოიშორონ, ურჩევს.
უნებლიეთ, ამ დროს
სული ვნებას ეძებს,
სულს დღეს მარტი ათრობს,
სული მარტო ვერ სძლებს…
ლექსად ვწერდი პორტრეტს,
წვიმა მზეს რომ ჰბანდა.
მესეოდა პოეტს
ცრუ ვნებების ბანდა.”

 

ზურა გოშაძე:

“მარტმა მაინც იმარტა,
გაზაფხულის თოვლია,
დარდმაც უცებ იმატა, –
ზამთარს არ გაჰყოლია..
გაზაფხულის ფიფქებით
ამეშალა ფიქრები,
სად და როგორ ვიქნები,
შენ ხომ არ გამიქრები?
გაზაფხულის სიყვარულს
დაათოვა უწყალოდ,
ნუ მომიშლი სიხარულს
გამიღიმე, თუ მწყალობ.
თოვასა თუ წვიმაში
შენ ხარ ჩემი ნუგეში,
გაზაფხულის ყინვაში
მე გაგათბობ უბეში.
გულიც ისე გატარებს,
როგორც დღემდე გატარა
და ნაღველიც გაქრება,
ვით ეს ფიფქი პატარა.”

 

***

“მარტში დაიბადე,
მარტმა დაგანათლა
მართლაც უჩვეულო ხასიათი.
წამის წინ წამწამებს
ცრემლი გისველებდა,
ეხლა მზის სხივების
კრთება ათინათი,
ასე ჭირვეული,
ასე ცვალებადი,
მარტმა დაგანათლა
ალბათ ხასიათი.

მარტი, მარტი, მარტი,
ოჰ, ეს მარტი
გარეთ ავდარი და
გულში დარდი.
ისევ გამებუტე,
ისევ გამიბრაზდი,
ისევ აირია
ჩემი კარტი.

მარტი, მარტი, მარტი,
ოჰ, ეს მარტი
ჩემთვის ეკალი და
სხვისთვის ვარდი,
რატომ მეძახოდი,
რატომ მომელოდი,
რად მეფერებოდი
თუ კი არ გიყვარდი,
რად მეფერებოდი
თუ არ გიყვარდი.

ჩემი სიყვარული,
შენი სიყვარული
სულში ლამპარივით
ამინთია,
მარტის ამინდია,
შენი ხასიათი,
მარტის აბეზარი
ამინდია.
წამის წინ სახეზე
ღიმილი გეფინა
ეხლა მწუხარება,
სევდა და ბინდია.”