19 თებერვალი, 2020

ხატია ბუნიათიშვილის გერმანული აღიარება

ხატია ბუნიათიშვილის გერმანული აღიარებაქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი გერმანული გამოცემის stuttgarter-nachrichten-ის ყურადღების ცენტრში მოექცა.

სტატია სახელწოდებით “პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი: ვუნდერკინდი როგორც ბეთჰოვენი” მის წარმატებებსა და გერმანიაში დაგეგმილ კონცერტებს აერთიანებს.

ლუდვინ ვან ბეთჰოვენის მსგავსად, რომელმაც თავისი პირველი კონცერტი 6 წლის ასაკში გამართა, ხატია ბუნიათიშვილიც ბავშვობიდან ვუნდერკინდად იწოდებოდა. პიანისტს არ უყვარს, როდესაც მას ასე მოიხსენიებენ, თუმცა მანაც ბეთჰოვენის მსგავსად, პირველი კონცერტი თბილისის კამერულ ორკესტრთან ერთად 6 წლის ასაკში ჩაატარა, 10 წლის ასაკიდან კი კონცერტებს საზღვარგარეთ მართავდა.

ბეთჰოვენს ყოველთვის მიიჩნევდნენ თავდაჯერებულ და ქარიზმატულ შემოქმედად, გამოცემის აზრით, ზუსტად ეს თვისებები აქვს ხატია ბუნიათიშვილსაც, ამიტომ მათ შორის მსგავსება გარდაუვალია.

პიანისტი ახლა პარიზში ცხოვრობს და საქართველოს და საფრანგეთის მოქალაქეა. ორჯერ გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი პრესტიჟული ჯილდოს Echo Klassik-ის პრიზის მფლობელი: 2012 წელს ალბომისთვის ფერენც ლისტი და 2016 წელს ალბომისთვის კალეიდოსკოპი. მისი ერთ-ერთი ბოლო ალბომი ფრანც შუბერტი გასულ წელს გამოვიდა და კლასიკური მუსიკის მოყვარულებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ხატია ბუნიათიშვილი ხუთ ენაზე საუბრობს, ორი საბავშვო საქველმოქმედო ორგანიზაციის ელჩია და საჯაროდ ამხელს რუსეთს ადამიანების უფლებების დარღვევაში.