7 თებერვალი, 2020

კარლო კაჭარავა – 30 წლის ასაკში შეწყვეტილი სიცოცხლე

კარლო კაჭარავა - ხელოვანი, რომელმაც დროს გაუსწროპოეტმა, მხატვარმა და ესეისტმა კარლო კაჭარავამ თავისი ხანმოკლე ცხოვრებით და განუმეორებელი შემოქმედებით სამუდამოდ დატოვა კვალი ქართული საზოგადოების მეხსიერებაში და დროსაც გაუსწრო.

“მისი შემოქმედება არავის არ ჰგავს, შეხედავ და იცი, რომ ეს კარლოა,” – ამბობენ კარლო კაჭარავას გულშემატკივრები.

„ცოდნა ათავისუფლებს შიშისგან“ – ეს კარლო კაჭარავას სიტყვებია, რომელიც შეიძლება ცხოვრების დევიზადაც კი ვაქციოთ.

30 წლის ასაკში გარდაცვლილი ხელოვანის შემოქმედებაში ყველაფერია – ბედნიერებაც და უბედურებაც, ოცნებაც და რეალობაც, ცხადიც და სიზმარიც…

მოსკოვში გამგზავრება კარლო კაჭარავას სიცოცხლის ფასად დაუჯდა. გაძარცვის მიზნით მას თავში მძიმე საგანი ჩაარტყეს. მსუბუქი ტვინის შერყევა იმკურნალა და თბილისშიც დაბრუნდა, თუმცა მოულოდნელად თავში ანევრიზმა გაუსკდა. თავის ტვინზე ორი წარმატებული ოპერაციის მიუხედავად, ხელოვანი 30 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კარლო კაჭარავას დაუმთავრებელი დარჩა ბოლო ნამუშევარი “სიბნელის ხელოვნება”, რომელსაც 11 დღის განმავლობაში სიბნელეში, სანთლის შუქზე ხატავდა. სწორედ აქედან გაჩნდა ნამუშევრის სახელწოდებაც.

სანამ ხელოვანი ცოცხალი იყო, მხოლოდ ჯგუფურ გამოფენებში მონაწილეობდა. კარლოს პერსონალური გამოფენები მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ მოეწყო, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

„ჩემი ღამეები თქვენს დღეებზე უკეთესია…“ – ამბობდა კარლო კაჭარავა და იმასაც გულწრფელად გრძნობდა, რომ – “ისინი ვისთვისაც მე ვწერ, ცოტანი არიან, მაგრამ მხოლოდ მათთვის ვარ დაბადებული.”

მისი შემოქმედებითი დანატოვარი აერთიანებს 900-მდე ფერწერას, 3700-მდე გრაფიკას, 1500-მდე ლექსს, 4 პოემას, 40-მდე სამეცნიერო სტატიას და დაუმთავრებელ წიგნს “თანამედროვე ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი”.

“არტინფო” გთავაზობთ კარლო კაჭარავას რამდენიმე ლექსს მისი სამყაროს უკეთ შესაცნობად:

“დედა, როდესაც მე მეძახიან მორიგი შეურაცხყოფის მოსაყენებლად,
მე ვფიქრობ იმაზე, რომ სახლში თითქმის აღარაფერი გვაქვს,
რომ მდიდრებს და ღარიბებს მართლა განსხვავებული ღმერთები ჰყავთ –
და რომ იმან, ვის მანქანაშიც ის ახალგაზრდა ქალი იჯდა,
მოიპარა ჩემი ბედნიერება.
თუმცა ის ქალი დაბერებამდეც ისევე აუტანელია, როგორც მერე.
მე კი ვიღაც თოფიანი კარდინალები დამცინიან,
როცა ვსაუბრობ ჟან პოლ რიხტერზე ან დიობლინზე.”

“ჩვენში –
ვიღაცას დრო აქვს და უყურებს ჟან-ლუკ გოდარის
ფილმებს კინოს სახლში.
ჩვენში –
ვიღაცას ფული აქვს და ყიდულობს ჟან-ლუკ გოდარის
ფილმების რეტროსპექტივის
ფრანგულ კატალოგს.
ჩვენში –
ვიღაც ისე უპრობლემოა, რომ ეცოდება ქუჩის ძაღლები.
ჩვენში –
ვიღაცას იმდენი ფული აქვს,
რომ არაყს სვამს ქუჩაში.
ჩვენში –
ყველა ესენი იმდენად გულუბრყვილონი არიან, რომ ჰგონიათ უკვე
აღარ ცხოვრობენ ამ ქალაქში.
ჩვენში –
ყველამ ყველაფერი იცის.”

ეს კი კარლო კაჭარავას ნახატებია

კარლო კაჭარავა - ხელოვანი, რომელმაც დროს გაუსწრო

კარლო კაჭარავა - ხელოვანი, რომელმაც დროს გაუსწრო

კარლო კაჭარავა - ხელოვანი, რომელმაც დროს გაუსწრო