ივანე ჯავახიშვილის საბედისწერო დღე

ივანე ჯავახიშვილის საბედისწერო დღეაკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის ცხოვრებაში ბევრი უმნიშვნელოვანესი დღე იყო, მაგრამ 18 ნოემბერი და ხელოვნების მუშაკთა სახლში დანიშნული საჯარო ლექცია მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.

ნინო ნატროშვილი:

“ორშაბათს, 1940 წლის 18 ნოემბერს, საღამოს 8 საათზე ხელოვნების მუშაკთა სახლში დაინიშნა საჯარო ლექცია „ქართული ფილოლოგის და ძველი მხატვრული მწერლობის ისტორიის ამოცანები“. ლექციას აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი კითხულობდა.

ხალხმა ოდნავ მოგვიანებით მოიყარა თავი, ამიტომ ლექტორი გვერდითა ოთახიდან 9-ის 20 წუთზე გამოვიდა. საზოგადოება ტაშით შეხვდა და ვიდრე მაგიდას არ მიუჯდა და მადლობის ნიშნად თავი არ დაუკრა, ტაში არ დამცხრალა.

ბატონმა ივანემ „პორტფელიდან“ სამაგიდო კალენდრის მსგავსი პატარა ფურცლები ამოალაგა და ლექცია დაიწყო. ყველა სულგანაბული უსმენდა. დაახლოებით 40 წუთი რომ გავიდა, ჯიბიდან საათი ამოიღო, დახედა, ისევ ჯიბეში ჩაიდო და ლექცია გააგრძელა.

ჩვევად ჰქონდა, 40 წუთის შემდეგ 10-15 წუთი ისვენებდა, იმ დღეს არ შეუსვენია. საათი და 15 წუთი გავიდა, განმარტავდა სიტყვა თათარის გენეზის, „ამირან-დარეჯანიანიდან“ ციტატა დაიმოწმა და… გულიდან საზარელი გმინვა აღმოხდა, უცნაურად გადააქნია თავი და მაგიდას უხერხულად დაეყრდნო…

პირველი აკაკი შანიძე წამოხტა, მივარდა და ხელები შემოხვია. მისცვივდნენ სხვებიც, მაგიდაზე დააწვინეს, დაიძახეს:

– ექიმი, ექიმი ვინ ხართ აქ ექიმი?

დარბაზში მართლაც აღმოჩნდა ექიმი, სასწრაფოც გამოიძახეს. ნემსი გაუკეთეს, ორგანიზმმა წამალი არ მიიღო.

ექთანმა თქვა:

– მკვდარია!

სამივე შვილი იქვე იყო, სამივეს ტირილი აუვარდა, ქვითინებდა მთელი დარბაზი…

64 წლის ივანე ჯავახიშვილის სიკვდილი მთელმა ქართულმა საზოგადოებამ განიცადა როგორც ეროვნული უბედურება. ქართული წესისამებრ სამი დღის შემდეგ, უნივერსიტეტის ეზოში დაკრძალვაზე ზღვა ხალხი შეიკრიბა…

25 ნოემბერს გაიხსნა არმაზის ნეკროპოლის ყველაზე მნიშვნელოვანი, სერაფიტის აკლდამა და 18 საუკუნის შემდეგ პირველად იხილეს სინათლე პიტიახშთა ნივთებმა.

იქ თავმოყრილ ხალხს ივანე ჯავახიშვილი ედგა თვალწინ და მისი სიტყვები ახსენდებოდა:

– ისე არ მინდა მოვკვდე, რომ მცხეთის ტერიტორიაზე გათხრებს არ მოვესწროო.

ის სიხარული ყველაზე მეტად დიდ მოძღვარს ჰქონდა დამსახურებული.”