გიორგი შენგელაია გარდაიცვალა

გიორგი შენგელაია გარდაიცვალაკინორეჟისორი გიორგი შენგელაია 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რუსთაველის პრემიის ლაურეატი და საქართველოს სახალხო არტისტი მაყურებელმა არა მარტო მისი ფილმებით, არამედ კინოში ნათამაშევი როლებითაც შეიყვარა.

გიორგი შენგელაიას სარეჟისორო დებიუტია ფილმი “ალავერდობა”, რომელიც მწერალ გურამ რჩეულიშვილის ამავე სახელწოდების ნოველის მიხედვით გადაიღო, რასაც მოჰყვა ფილმი “ფიროსმანი” ავთო ვარაზის მონაწილეობით.

“ვერის უბნის მელოდიები”, “სიყვარული ყველას უნდა”, “ხარება და გოგია” – ეს იმ ფილმების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც რეჟისორმა მომავალ თაობებს დაუტოვა. ფილმი “მიდიოდა მატარებელი” კი მისი ბოლო ნამუშევარი აღმოჩნდა.

რეჟისორი ოცნებობდა გადაეღო დოკუმენტური ფილმები იმ ქართველებზე, რომლებსაც მათი უდიდესი ღვაწლის გამო, საქართველოში მხოლოდ სახელებით მოიხსენიებენ: შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა, გალაკტიონი, ნიკალა, ექვთიმე… სამწუხაროდ, მისი ოცნება განუხორციელებელი დარჩა.