19 თებერვალი, 2020

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრი გააუქმეს

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრი გააუქმესაფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრი აღარ არსებობს. გადაწყვეტილება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ მიიღო.

ციცინო ჯულუხიძე:

“აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, რომლის უმთავრეს მიზანსა და საზრუნავს აფხაზ-ქართველთა შერიგება უნდა წარმოადგენდეს, წლების მანძილზე რუდუნებით ნაშენები ის ხიდი მოშალა, რომელიც ამიერ საქართველოში აფხაზეთელთა ერთადერთ თბილ ნავთსაყუდელს წარმოადგენდა – ერთი ხელის მოსმით გააუქმა უწმიდესისა და უნეტარესი ილია მეორის კურთხევით შექმნილი აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრი, რომელსაც შექმნის დღიდან (2006 წ.) 11 წლის მანძილზე სათავეში ედგა ღირსეული აფხაზი ქალბატონი სვეტლანა ქეცბა.

სწორედ მისი მუხლჩაუხრელი და სწორად მიმართული მოღვაწეობის შედეგია, რომ საზოგადოებამ ამ ცენტრს „აფხაზური ოაზისი“ უწოდა. აქ ყველა ღონისძიება – იქნებოდა ეს მოძღვრებთან საუბრები, სხვადასხვა კონკურსი, წმინდანთა ხსენებისა და ღირსეულ მამულიშვილთა ხსოვნის საღამო თუ სალონური შეხვედრა, მხოლოდ ერთი სულისკვეთებით იყო გამსჭვალული: აფხაზეთი სრულიად საქართველოს განუყოფელი ნაწილია და რა დროც არ უნდა გავიდეს, ასე იქნება მუდამ.

აქ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევდით ნდობისა და კეთილმეგობრული ურთიერთობების აღდგენის გზაზე, აგურ-აგურ ვაშენებდით იმ ხიდს, რომელსაც კვლავ უნდა გაეერთიანებინა მტრის მიერ ასე ვერაგულად დანაწევრებული საქართველო. ამას ემსახურებოდა ცენტრის მიერ გამოცემული წიგნები და საინფორმაციო ბიულეტენები, სანოტო კრებული „15 აფხაზური სიმღერა“ და კიდევ მრავალი რამ, განხორციელებული სულმნათი სვეტლანა ქეცბას სიცოცხლეში თუ მისი გარდაცვალების შემდეგ.

ამ ცენტრში იმ ღირსეულ აფხაზთა და ქართველთა სული ტრიალებდა, რომლებსაც უერთმანეთოდ ცხოვრება ვერ წარმოედგინათ.

დღეს მწარე რეალობის წინაშე აღმოვჩნდით: აღარ არსებობს აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრი.

ამ აქტმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია საზოგადოებაში. გვჭირდება თქვენი თანადგომა.”