26 თებერვალი, 2020

აკაკი შანიძის ყველაზე სამაგალითო ქმედება

აკაკი შანიძის ყველაზე სამაგალითო ქმედება– აკაკი შანიძე იყო ადამიანი, რომელმაც ჩათვალა, რომ მისი სიცოცხლე და მისი საქმიანობა უნდა მიეძღვნას ერთ დიდ საქმეს – არა მარტო ქართულ ენას, არამედ ქართულ ენას, როგორც ქართველი ერის დედა ენას, – ასე აფასებს მამას მზექალა შანიძე:

„დღეს ჩვენ საკმაოდ რთულ ეპოქაში ვცხოვრობთ. ერთ-ერთი, რამაც ძალიან იმძლავრა, პრაგმატიზმია – დავიწყება იმ საერთო, საზოგადოებრივი საქმისა, რომელიც ბოლოს და ბოლოს ყოველი ჩვენგანისთვის უნდა იყოს მთელი ცხოვრების წარმმართველი.

აკაკი შანიძე ამ გადასახედიდან, ამდენი წლის შემდეგაც, ეკუთვნის იმ მოღვაწეთა პლეადას, რომელმაც უდიდესი საქმე გააკეთა.

ივანე ჯავახიშვილის თაოსნობით დაწყებული საქმიანობა, მოგეხსენებათ, უნივერსიტეტის გახსნით დაგვირგვინდა. ეს არ იყო ერთ-ერთი რიგითი დაწესებულების გახსნა. ეს ბრძოლა ძნელი იყო… ჯერ თებერვლის, შემდეგ კი ოქტომბრის რევოლუციამ დაღი დაამჩნია უნივერსიტეტისა და მეცნიერების განვითარებასაც. დამაარსებლებს იმდენი ბრძოლისა და შეურაცხყოფის გადატანა მოუხდათ ამ გზაზე, რომ არა ასეთი თავდადება, ამას ნამდვილად ვერ გაუძლებდნენ.

შემიძლია ვთქვა, რომ ის, ვინც ამ საქმის ერთგული დარჩა ბოლომდე, აკაკი შანიძეც გახლდათ. დღეს არ ვისაუბრებ აკაკი შანიძის მეცნიერულ მოღვაწეობაზე.

ქართველოლოგიის არც ერთი დარგი არ დარჩენილა, აკაკი შანიძეს დიდი და ფუნდამენტური ნაშრომები რომ არ მიეძღვნა. მისი ბიბლიოგრაფია 700-მდე ნაშრომს მოიცავს.

ხანდახან მიკვირს, არა როგორც შვილს, არამედ როგორც ადამიანს, როგორ შეძლო ამდენი. ასეთი ადამიანების საქმიანობა უნდა დარჩეს საზოგადოებისთვის მაგალითად.

აკაკი შანიძე იყო ადამიანი, რომელმაც ჩათვალა, რომ მისი სიცოცხლე და მისი საქმიანობა უნდა მიეძღვნას ერთ დიდ საქმეს – არა მარტო ქართულ ენას, არამედ ქართულ ენას, როგორც ქართველი ერის დედა ენას.“