ვახტანგ ჭაბუკიანის მუზეუმის ყოფილმა დირექტორმა სასამართლო მოიგო

ვახტანგ ჭაბუკიანის მუზეუმის ყოფილმა დირექტორმა სასამართლო მოიგოქართველი ბალერონის ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმის ყოფილმა ხელმძღვანელმა დავით ჯანგველაძემ სამსახურში აღდგენასთან და განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით სასამართლო დავა მოიგო.

ინფორმაცია ჟურნალისტმა ნინო მიქიაშვილმა გაავრცელა:

“კარგი ახალი ამბავი, ამ 2020-ის დასაწყისში – ეს ის ერთ-ერთი შემთხვევაა, როცა ბრძოლას აზრი აქვს!

ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმის ყოფილმა ხელმძღვანელმა ბატონმა დაით ჯანგველაძემ უკვე ორ ინსტანციაში მოიგო სასამართლო დავა. იგი სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს.

2019 წლის 30 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ბატონმა ამირან ძაბუნიძემ გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება – ბატონი დავით ჯანგველაძე სამსახურში უნდა დაბრუნდეს და მას განაცდური უნდა აუნაზღაურდეს.

ძალიან მოკლე ექსკურსი:

მას შემდეგ, რაც თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებული ცხრა მუზეუმი გააერთიანეს, თანამდებობიდან მუზეუმების დირექტორების უმეტესობა გაათავისუფლეს; სამსახურიდან გაუშვეს ბუღალტრებიც. შელახული უფლებების დასაცავად სასამართლოს მხოლოდ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმის დირექტორმა მიმართა;
ბატონი დავით ჯანგველაძე 2017 წლის 10 მარტს გაათავისუფლეს. მან თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა – სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა;

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ლაკერბაიამ მოსარჩელის მოთხოვნა 2019 წლის 13 მარტს სრულად დააკმაყოფილა. მოწინააღმდეგე მხარემ ეს გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა. საქმის არსებითი განხილვა 2019 წლის 10 დეკემბერს გაიმართა. მოსამართლე ამირან ძაბუნიძემ გადაწყვეტილება 30 დეკემბერს გამოაცხადა – პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა;

ამ სასამართლო დავაში დავით ჯანგველაძის უფლებებს იცავენ ადვოკატები შოთა იმნაძე და გიორგი ნასყიდაშვილი.”