18 იანვარი, 2020

თეატრების მიერ დაწუნებული დავით კლდიაშვილი

თეატრების მიერ დაწუნებული დავით კლდიაშვილიმწერალი დავით კლდიაშვილი ქართული დრამატურგიის ვაჟა ფშაველად არის მიჩნეული. მისი ნაწარმოებები ძალიან დიდხანს იყო განსჯის საგანი. შემოქმედს ადამიანების დაცინვაში და აბუჩად აგდებაში ადანაშაულებდნენ. მწერალი კი ყოველთვის გულწრფელად ამბობდა, რომ არავისთვის დაუცინია:

“ჩემს სიცოცხლეში არავისთვის დამიცინია. მე მებრალებოდა ადამიანი, რომელიც ცხოვრებამ გააუბედურა და სასაცილო მდგომარეობაში ჩააყენა.

რასაც ვწერდი, მხოლოდ ადამიანის სიყვარულით ვწერდი.”

დღეს ალბათ ბევრისთვის დაუჯერებელია, რომ მწერლის ნაწარმოებებს თეატრები იწუნებდნენ.

რეჟისორი მიხეილ ქორელი თავისი მოგონებების წიგნში წერდა, დავით კლდიაშვილმა თეატრში მიტანილი “უბედურება” რამდენიმე დღეში უკან წაიღო, რადგან თეატრმა იგი ვერ დადგაო:

“იდგა დარცხვენილი დავით კლდიაშვილი თეატრის წინ და ამბობდა, ალბათ სუსტია ჩემი პიესა, არ ვარგა და ამიტომ გამომატანეს უკანო.”

თუმცა ქართული თეატრის მესვეურები გვიან, მაგრამ მაინც მიხვდნენ დავით კლდიაშვილის შემოქმედების სიდიადეს და მისი ნაწარმოებები სხვადასხვა რეჟისორის მიერ დღემდე დიდი წარმატებით იდგმება.