13 იანვარი, 2020

ტარიელ ხარხელაურის სამართლიანი წუხილი

"გამოიღვიძეთ ქართველებო! - სამშობლოს ვკარგავთ!"პოეტ ტარიელ ხარხელაურის სამართლიანი წუხილი მის ლექსებში ყველაზე ზუსტად ჩანს. იგი თავის შემოქმედებაში ყველა იმ საკითხს ეხმაურება, რაც მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია:

“ვწუხვარ აღარ გჯერა შენ ჩემი
მეც ჟამი მნაქრავს და ვცივდები,
ერთმანეთს რა ძნელად ვეჩვევით,
მაგრამ რა იოლად ვცილდებით.
მივყვები დანისლულ ბილიკებს,
სისხლშია გამჯდარი სისველე
ერთმანეთს რამალე ვივიწყებთ
და უმტკივნეულოდ ვიხსენებთ…
მიხმობდა მდინარე ვერ ჩაველ,
დამაფრთხო ყაყაჩოს ნაგრილმა,
რა ძნელად ვპოულობთ ერთმანეთს
და ვკარგავთ თურმე რა ადვილად.
გავხედე, ცა უკვე მღვრივეა
მიზეზს ცის გამღვრევის ვერ ვხდები,
იმედი საკმაოდ მცირეა
ჩვენი მიღმიერში შეხვედრის.
გავდივარ თოვლიან ქედებით,
აქ უკვე საკმაოდ ვიგლოვე
თურმე რა ტყუილად გეძებდი,
თურმე რა ტყუილად გიპოვე.
ნიავი მოივლის მოლიანს,
და ფოთლებს ჩამოყრის გვიმრიდან,
მე ვფიქრობ საშინლად სწორია,
ჯავრი, რომ ამიძღვა დილიდან.
სდუმხარ აღარ გჯერა შენ ჩემი
მე ჟამი მნაქრავს და ვცივდები,
ერთმანეთს რა ძნელად ვეჩვევით,
რა უმტკივნეულოდ ვცილდებით.”