23 იანვარი, 2020

სიკო დოლიძე სერგო ზაქარიაძეზე

სიკო დოლიძე სერგო ზაქარიაძეზეკინორეჟისორი სიკო დოლიძე მსახიობ სერგო ზაქარიაძეზე ყოველთვის იხსენებდა ისტორიას, რომელიც მისი ფილმის “დღე უკანასკნელი, დღე პირველი” გადაღებების დროს შეემთხვათ:

„რუსთაველის გამზირზე ცენტრალური ტელეგრაფის წინ ფილმის „დღე უკანასკნელი, დღე პირველის“ გადაღება მიდიოდა.

შესვენების დროს გადავწყვიტე, კავშირგაბმულობის მინისტრი, ჩვენი კარგი ნაცნობი და მეგობარი მომენახულებინა, თან ფოსტალიონად გამოწყობილი სერგო ზაქარიაძე მახლდა.

მდივანმა მინისტრის კაბინეტში შესვლის ნება დამრთო, სერგოს კი უარი უთხრა. მდივანს ავუხსენი, ეს ამხანაგი ჩემთან არის და ორივემ მინისტრი უნდა მოვინახულოთ-მეთქი. კაბინეტის კარი შევაღე, სერგოც შემომყვა და მინისტრს მივესალმე.

მინისტრმა ღილაკს დააჭირა თითი:

– რამდენჯერ უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ფოსტის თანამშრომლებმა, ვისაც რაიმე საქმე აქვს, ჩემს მოადგილეს მიმართონ.

მდივანი დაიბნა და თავის მართლება დაიწყო. მინისტრი ახლა სერგოს მიუბრუნდა:

– ფოსტის რომელ განყოფილებაში მუშაობთ?

– მეცხრეში, ბატონო, – სწრაფად უპასუხა მსახიობმა.

– იქაურ თანამშრომლებს ყველას ვიცნობ, არ მახსოვხართ, რა გვარი ხართ?

– სერგო ზაქარიაძე, ამხანაგო მინისტრო! – უპასუხა სერგომ.”