2 იანვარი, 2020

საუკეთესო დალოცვა ბედობას თამრი ფხაკაძისგან

საუკეთესო დალოცვა ბედობას თამრი ფხაკაძისგანმწერალი და პოეტი თამრი ფხაკაძე ბედობას საუკეთესო დალოცვით ეხმაურება:

“ზოგი უბნობს, არაა ბედობა სიმართლე და დასაჯერებელიო…

ზოგსაც, უფრო ის მოსწონს, რომ სჯეროდეს…

რა ვქნა, დამიწერია და დაგლოცავთ, მოგწონთ თუ არა, დალოცვას რაღა უჭირს, რავიცი…

“დაგებედოთ ღვთის წყალობა,
ჯანი მრთელი, დღენი – გრძელი,
ასერგასი ბედნიერი
ქრისტეშობა-ახალწელი,

სულში სითბო, გულში სიტკბო,
მხართან – ანგელოზი მცველი,
გზა-სავალი უ-ნარ-ეკლო,
სულ ბიბინა მინდორ-ველი,

მზე შინა და მზე გარეთა,
სიყვარული ულეველი,
მოძმის გული – უზაკველი,
მეგობარი – უეჭველი,

დაგებედოთ სახლში კერა
ჩაუმქრალი, მათბობელი,
პური, ღვინო, – სამყოფარი,
ლხინში საჭმელ-შესასმელი,

სიკეთის ქმნა დაგებედოთ,
გაგემართოთ სხვისთვის ხელი,
ნათლით საქმნარ-საკეთებში
არ წამოგწეოდეთ ბნელი,

დაგებედოთ პატარების
ჟრიამული საყვარელი!
ბედნიერი, მადლით სავსე
ქრისტეშობა-ახალწელი!”