18 იანვარი, 2020

სამაგალითო ნიკა აგლაძე

სამაგალითო ნიკა აგლაძენიკა აგლაძე ისტორიკოსი და ლიტერატორია, თუმცა იგი ათასობით მაყურებელმა “რა? სად? როდის?” თამაშებიდან გაიცნო.

კრიტიკოსი ზაზა აბზიანიძე ნიკა აგლაძეს სრულიად განუმეორებელს უწოდებს და მის დასახმარებლად გაერთიანებას გვთხოვს:

“ნიკაზე ფიქრმა საბჭოთა დრო გამახსენა და ახლა აგიხსნით რატომ: წლიდან წლამდე ერთი ასეთი ლოზუნგი მეორდებოდა: „Незаменимых людей не бывает!“- ანუ „შეუცვლადი ადამიანები არ არსებობენო!“ – ალბათ, ზემოდან ასე ჩანს… მაგრამ, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ასე არ არის. და ამის საუკეთესო დასტური – ნიკა აგლაძის მაგალითია! ამ უნიკუმის, ამ, სრულიად განუმეორებელი ნიკასი – თავის მოწაფეთათვის სკოლაში, თანაგუნდელთათვის „ინტელექტუალთა კლუბში“, კოლეგებისათვის – ლიტერატორი იქნება ეს თუ ისტორიკოსი. ახლობლებსა და მეგობრებზე აღარაფერს ვამბობ…

ქართველისა და ევროპელის იგივეობა ლამაზ მეტაფორად დარჩებოდა ნიკასნაირი ადამიანები რომ არ არსებობდნენ. მასთან მეგობრობა თუ თანამშრომლობა – ესაა ტკბობა ამ იშვიათად ჰარმონიული ხასიათით, ამ ქართულ-ევროპული კულტურის ნაზავით, ამ ამოუწურავი ინტელექტუალური ცნობისწადილით და ზნეობრივი უკომპრომისობით.

ჩვენი დამეგობრების პირველი დღიდან მე მას ძალიან ვამსგავსებდი XIX საუკუნის იმ ქართველ მოღვაწეებს, რომელნიც თავის ევროპულ გამოცდილებას უსათუთეს ქართულ თვისებებს უთავსებდნენ და მართლაც სასწაულს მოახდენდნენ, მაგრამ, ვინ აცალა?!

მთელი 70 წლის განმავლობაში საბჭოთა რეჟიმმა – ჯერ რეპრესიებით და ტერორით, შემდგომ უკვე მოსყიდვითა და გადაგვარებით – გამიზნულად, შერჩევით, ამოძირკვა ადამიანის ეს იშვიათი ჯიში, ეს ფსიქოტიპი-იდეალისტის, მაგრამ ამასთანავე გაწონასწორებული და მაქსიმალურად ქმედითი ინტელიგენტის. პროფესიები დატოვეს – მწერლისაც, მეცნიერისაც, ხელოვანისაც… ამათი არ ეშინოდათ…

სწორედ იმ, სასწაულად გადარჩენილი ინტელიგენტური გენის რეალიზებულ ფენომენად აღვიქვამ ნიკას (მითქვამს კიდეც მისთვის ამის შესახებ) და მის გადარჩენას როგორღაც კულტურის ეკოლოგიის სფეროს მივაკუთვნებ.

ღვთის მადლით, წარსულს ჩაბარდა საბჭოთა დრო, აღარც მითოლოგიური გველეშაპები ითხოვენ ყველაზე გამორჩეულ მსხვერპლს…

თანამედროვე გველეშაპს „კავერნომა“ ჰქვია და მოდით, ყველამ ერთად, როგორმე გამოვტაცოთ მას ჩვენი განუმეორებელი ნიკა აგლაძე.”

ნიკას დახმარების მსურველებს თანხა შეუძლიათ გადარიცხონ ანგარიშებზე:

TBC: GE77TB7446645063600040 – ნიკოლოზ აგლაძე
BOG: GE14BG0000000131316927 – ნინა აგლაძე
დანიშნულებაში მიუთითეთ „ნიკასთვის“