16 იანვარი, 2020

ნოდარ მგალობლიშვილის და ოთარ მეღვინეთუხუცესის უცნობი ისტორია

ნოდარ მგალობლიშვილის და ოთარ მეღვინეთუხუცესის უცნობი ისტორიათეატრისა და კინოს ორი ვარსკვლავის ოთარ მეღვინეთუხუცესის და ნოდარ მგალობლიშვილის უცნობ ისტორიას, ბატონი ნოდარის მეუღლე ნინო ჩხიკვიშვილი იხსენებს:

“დღეს ოთარ მეღვინეთუხუცესის დაბადების დღეა…

მახსოვს, ყოველთვის აღნიშნავდნენ ამ დღეს, განსაკუთრებულად, გამორჩეულად.

დღეს მეღვინეთის დაბადების დღეა, იტყოდა ნოდარი… და წასასვლელად მოემზადებოდა;

მე, რა თქმა უნდა, არ მივყავდი!

ყოველთვის გული მწყდებოდა, მაგრამ სულ ასე მპასუხობდა: იქ რა გინდა, მხოლოდ ჩვენ, ბიჭები, ვიქნებითო!

ისე, ვინც ახლოს მიცნობს, ისიც ეცოდინება, გამორჩეულად რომ მიყვარს ეს დიდი მსახიობი;

ნოდარი ყოველთვის ასე იტყოდა: აი, ნახე შენ, გავა დრო და ამ რანგის, ამ მასშტაბის ტრაგიკოსი მსახიობი კიდევ დიდხანს არ ეყოლება ქართულ თეატრსო!

ახლა იმის მოყოლას არ შევუდგები, რამდენი ხნის წინათ დაიწყო მათი თანაშემოქმედება, ძმაკაცობა. სტუდენტობის წლებიდან, ეს, ალბათ, ყველამ კარგად იცის, მხოლოდ ერთი ამბავი მინდა მოვიგონო. ესაა და ეს.

მსახიობის ერთ-ერთი იუბილე გამორჩეულად აღნიშნეს და განსაკურებულად კარგი მოსაწვევებიც დაბეჭდეს.

მე კი ეს მოსაწვევი, როგორც საყვარელი მსახიობის ფოტო, ჩემი და ნოდარის ოთახში დავდე.
მას მერე კარგა დრო გავიდა.
ოთარ მეღვინეთუხუცესი გარდაიცვალა.
ის ფოტო – მოსაწვევი, იქედან არ ამიღია.
თვალი ისე შევაჩვიე, რომ ამეღო, ალბათ, ვერც ვიგუებდი!

ჰოდა, ერთხელაც შევდივარ იმ ოთახში, ნოდარი გარინდული ზის. ვერ მამჩნევს.
მესმის: სურათს, სურათს რა, ოთარს ელაპარაკება: – ნუ გეშინია, მეგობარო, მეც მალე მოვალ!
გავიგონე, როგორ უთხრა და… ოთახიდან ფეხაკრებით გამოვედი!
ეს იყო და ეს.
ის წამი ჩამრჩა მეხსიერებაში!”