მზექალა შანიძე თანამედროვე ქართველ მწერლებზე

მზექალა შანიძე თანამედროვე ქართველ მწერლებზეფილოლოგი მზექალა შანიძე ენის სიმდიდრესა და განვითარებაზე თანამედროვე ქართველ მწერლებს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ანიჭებს:

“ქართულ თანამედროვე ლიტერატურას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. სამწუხაროა, რომ თანამედროვე მწერლების უმეტეს ნაწარმოებებში არ ჩანს ენობრივი ძიების მცდელობა. სამწუხაროდ, უკანასკნელ პერიოდში ქართული ენა გაღარიბდა და საკანცელარიო ენის ნორმებზე დავიდა. ეს განსაკუთრებით შეიმჩნევა მაშინ, როცა პოლიტიკოსები ლაპარაკობენ, მათი ენა კი საზოგადოებაში ფეხს სულ უფრო და უფრო იკიდებს. სწორედ ამის გამო განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას თანამედროვე ქართველ მწერლებს ვაკისრებ:

როდესაც კარგი მწერალი რაღაც სიტყვას შემოიტანს, ფრაზას ახლებურად შემოატრიალებს, ის აუცილებლად გავრცელდება. ქართლურში და ზოგიერთ სხვა დიალექტში არსებობს სიტყვა „შინაბერა“. მაგრამ ვინ იცოდა ეს? სანამ კონსტანტინე გამსახურდიამ არ გამოიყენა ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, მანამდე სიტყვა კვდებოდა და ასეთი კარგი, ძალიან კარგი ლექსიკა კვდება.

სოფლებში არის კიდევ ეს ქართული სიტყვები. აი, ვისაც გოდერძი ჩოხელი წაუკითხავს, მან ბევრი შემოიტანა. აი, ეს გვჭირდება. აუცილებელია ერთი მხრივ სახელმწიფოებრივი ზრუნვა და, მეორე მხრივ, ხალხის ინტერესის გაღვიძება ენისადმი. სხვანაირად, ქართული ენა მოკვდება.”