გულსატკენი ფაქტი დავით წერედიანის დაკრძალვაზე

გულსატკენი ფაქტი დავით წერედიანის დაკრძალვაზეპოეტისა და მთარგმნელის დავით წერედიანის უკანასკნელ გზაზე გაცილება და მასთან გამოთხოვება ქართულ საზოგადოებას სიონის ტაძარში შეეძლო. იგი მახათას პანთეონში დაკრძალეს.

პუბლიცისტი ზაურ ნაჭყებია გულისტკივილით აღნიშნავს, რომ უნიჭიერესი ადამიანის დაკრძალვაზე ძალიან ცოტა ადამიანი მივიდა.

ზაურ ნაჭყებია:

“საოცრად გულნატკენი და გულდათუთქული დავბრუნდი სიონის ტაძრიდან, საიდანაც, დაახლოებით ერთი საათის წინ, უნიჭიერესი ქართველი პოეტი და უზადო მთარგმნელი, მტკიცე ქართული სულითა და იშვიათი თავმდაბლობით გამორჩეული თანამემამულე, დავით წერედიანი გამოასვენეს!

ჩემი გულისტკივილი ადამიანთა გულგრილობას უკავშირდება, რომელიც თანდათან ძვალ-რბილში გაგვიჯდა და თანაგრძნობისა და თანალმობის უნარს გვაკარგინებს…

იმდენი ხალხი, რაც წერედიანის გამოსამშვიდობებლად ტაძარში მოვიდა, საქართველოს ყველაზე მიყრუებული სოფლის, ყველაზე უჩინო მიცვალებულის დაკრძალვაზეც მინახავს…

მთავრობაზე რომ არაფერი ვთქვათ, სირცხვილი ქართველ ინტელიგენციას (განსაკუთრებით, შემოქმედებითი ინტელიგენციის ახალგაზრდა და საშუალო თაობას) რომელმაც თავი არ შეიწუხა და სათანადოდ არ უჭირისუფლა ამ ბუმბერაზ ადამიანს – არადა, ასეთები ხომ იშვიათად იბადებიან!

ეხ, როგორ უნდა გავამართლო, მაგრამ, სწორი ყოფილა სააკაშვილი, როცა ქართველი ინტელიგენციის ჩარეცხვა მოინდომა!
თუმცა, რა შუაშია სააკაშვილი – როგორც ჩანს, თვითონ ინტელიგენცია მზადაა ჩასარეცხად!

P.S.ძალიან არ მინდოდა ასეთი მწარე სტატუსი საახალწლო დღეებში დამეწერა, მაგრამ, ეტყობა, გულს გაჩუმებას მართლაც ვერ უბრძანებ!”