27 იანვარი, 2020

გელა დაიაური თეონა ქუმსიაშვილზე

გელა დაიაური თეონა ქუმსიაშვილზეპოეტი გელა დაიაური მეუღლეზე, მომღერალ თეონა ქუმსიაშვილზე ყოველთვის განსაკუთრებულ წერილებს წერს, თუმცა ამჯერად მისი წერილი კიდევ უფრო ემოციურია:

“ნინოობას და დაბადების დღეს გილოცავ, კუნწულიკო… ჩემი სათქმელი თქვა თითქოს ამ ჩემთვის უცნობმა და ნიჭიერმა ადამიანმა და მისი სიტყვებით მოგეფერები:

“ხანდახან, როცა მონატრებისგან ახმაურებული ბგერები სიჩუმეს ხატავენ, შენზე ვფიქრობ”

მიყვარხარ, ისე ჩამესმის, თითქოს ახლა აქ იყო და ისე ჩურჩულებდე, როგორც მაშინ…

მიყვარხარ… ჩამესმის მეზობლის რადიოს გუგუნთან ერთად, რომელიც მონოტონურად იმეორებს რაღაც უცნაურ სიმღერას…

მიყვარხარ… საათივით რეკავს და გუგულის ნაცვლად სიტყვები ხტებიან ყოველ ჯერზე…
მიყვარხარ… მიყვარხარ… მიყვარხარ… მთებში გაბნეულ ექოსავით ედება სულს და… ნუთუ ვკვდები?!… მიყვარხარ…

სამყაროში ყველაფერი ისეა მოწყობილი, როგორც აუცილებლობა მოითხოვს, როგორც უნდა იყოს, როგორც გვჭირდება…

შენი წასვლა აუცილებლობა იყო, ასე უნდა ყოფილიყო, ასე გვჭირდებოდა. არაააა!!! ალბათ სამყაროს თუ სჭირდებოდა ასე თორემ მე – როგორ… მე სად შემეძლო შენი გაშვება… გახსოვს, როგორ მიყვარდი? ჰმ!
ისე ვლაპარაკობ წარსულში, თითქოს ახლაც შენი სახელი არ მერქვას, ახლაც არ მიყვარდე…
ნეტავ ახლა სად ხარ, ჰა?

ნეტავ ახლა სად ხარ… რას აკეთებ… ნეტავ თუ ფიქრობ ჩემზე, ხანდახან მაინც… ნეტავ…

მიყვარხარ… არ მავიწყდები, ვერ მავიწყდები… იქნებ ყველაფრის დედააზრი ესაა… რაღაც მახსენდება, ვივიწყებ, ყველა აზრი, სადაც შენ არ დამონირებ, ნაგავია…

რამდენი წელი გავიდა, რაც წახვედი?!.. ისე გეკითხები, თითქოს მიპასუხებდე…

…ალბომში ჩაკრული ფოტოებივით ვათვალიერებ გონებაში შემორჩენილ მოგონებებს, რომელსაც მე და შენ ერთად ვაგროვებდით, ზუსტად ისე, როგორც ზღვას შეხიზნული, ცარიელი მგზავრები აგროვებენ ნიჟარებს სანაპიროზე…

…არაფერი ყოფილა იმაზე საშინელი, ვიდრე რწმენა იმისი, რაც იცი, რომ არ ახდება… პარადოქსია, იმედის გწამდეს და ელოდო იმის გამეორებას, რაც ადრე იყო, რაც, შენც იცი, აღარ იქნება…

დღე დღეს მისდევს, მაგრამ მაინც არაფერი იცვლება… ტყუილი უთქვამთ, ტკივილის კი არა არაფრის მკურნალი ყოფილა დრო… წელიწადი გასდევს წელიწადს და არაფერი მშველის… არც გაზაფხულის გვირილები მედება მალამოდ, ზაფხულის მზეც ვეღარ მათბობს, შემოდგომის ოქროსფერ ფოთლებსაც ვერ შემოაქვთ ჩემში უწინდელი სიმშვიდე… თეთრი ფიფქებიც ვეღარ მშველიან…

მტკივა… უშენობა კი არა, შენი უჩემობა მტკივა…
მტკივა ყველა ჩასუნთქვა, უშენობა რომ იგრძნობა, ის ჰაერი მახრჩობს და მე არ ვიცი, რამდენ ხანს გავძლებ ასე…

სადა ხარ?! მერამდენედ ვეკითხები ოთხ კედელს და მხოლოდ ექო მიბრუნდება უკან…
სადა ხარ…
სადა ხარ…
სად?!!!!…”
სულა სულაშვილი