ეროსი მანჯგალაძის ერთადერთი სიყვარული

ეროსი მანჯგალაძის ერთადერთი სიყვარულიეროსი მანჯგალაძის დასახასიათებისას მისი მეგობრები ყველაზე ხშირად იყენებდნენ სიტყვებს: თავმდაბალი, მორიდებული, თავაზიანი, მორცხვი, მაგრამ ამავე დროს საოცრად არტისტული, ნიჭიერი, შრომისმოყვარე და ერთგული.

მის მიერ განსახიერებული როლები მაყურებელს განსაკუთრებულად უყვარს. მისი ხავერდოვანი ხმით გახმოვანებული პერსონაჟები ქართულ და რუსულ ფილმებში კი ნამდვილად გამორჩეულია. ცნობილია, რომ ეროსი მანჯგალაძე ვასილ ჩხაიძის უცვლელი გამხმოვანებელი იყო.

თეატრსა და კინოსთან ერთად მის ცხოვრებაში მოვიდა კიდევ ერთი უდიდესი გატაცება – სპორტული რეპორტაჟების გახმოვანება. მსახიობი მიჩნეული იყო ქართული სპორტული რეპორტაჟების პიონერად. განსაკუთრებით გაითქვა სახელი საფეხბურთო რეპორტაჟებით. მისი ებიუტი აღმოჩნდა პირველი საფეხბურთო რადიო-რეპორტაჟი ქართულ ენაზე.

მიუხედავად ასეთი წარმატებისა, ცხოვრებაში არაერთი ტრაგედია დაატყდა თავს: 12 წლის იყო, როდესაც დედამისი ხიდან ჩამოვარდა და სამუდამოდ მიეჯაჭვა საწოლს. მსახიობი დედას თავად უვლიდა და არაფერს აკლებდა.

1941 წელს ომში უგზო-უკვლოდ დაიკარგა მისი უფროსი ძმა რეზო, ორი წლის შემდეგ კი მსახიობის მამა – აკაკი მანჯგალაძე დააპატიმრეს.

ტკივილი პირადმა ცხოვრებამაც მოუტანა – მისი ქორწინება ელენე ყიფშიძესთან წარუმატებელი აღმოჩნდა. წყვილი მალევე გაშორდა ერთმანეთს და ამის შემდეგ ეროსი მანჯგალაძეს ოჯახი აღარ შეუქმნია. ამბობენ, რომ მთელი ცხოვრება ელენე ყიფშიძე უყვარდა და მისი საყვარელი სადღეგრძელო იყო: ,,ჩემს არასაფიცარ საფიცარს გაუმარჯოს!”

როდესაც უკვე ცნობილი და პოპულარული მსახიობი სამტრედიაში მშობლიურ სოფელში ჩადიოდა, ველოსიპედით ჩამოივლიდა ყველა ოჯახს და ბავშვებს კანფეტებს ურიგებდა.

1982 წლის 26 იანვარს 56 წლის ლეგენდარული მსახიობის გულისცემა სამუდამოდ გაჩერდა. როდესაც ეროსი მანჯგალაძეს უკანასკნელ გზაზე აცილებდნენ, გმირთა მოედანზე იმდენი ხალხი იყო, ნემსი არ ჩავარდებოდა.