17 იანვარი, 2020

დავით სარაჯიშვილის ისტორია აკა მორჩილაძისგან

დავით სარაჯიშვილის ისტორია აკა მორჩილაძისგანმწერალ აკა მორჩილაძისგან არაერთი საინტერესო ამბავი მოგვისმენია ჩვენთვის კარგად ნაცნობ ადამიანებზე.

ამჯერად მწერალი ისტორიას ცნობილი ქართველი მეცენატის დავით სარაჯიშვილის შესახებ გვიამბობს:

“სარაჯიშვილის ერთ-ერთი ვნება განათლებაა, კიდევ სხვა – ხელოვნება. სწორედ ამიტომ, ნიკო ცხვედაძესთან ერთად, რომელიც მრავალ წელიწადს იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერთ-ერთი მესვეური, თბილისის უნივერსიტეტის შენობის აგების მესაძირკვლე და სხვა ათასი ეროვნული საქმის წამომწყები, დავითი აარსებს საგანგებო კომიტეტს, რომელსაც ნიჭიერი ახალგაზრდების მოძიება და მათი ნიჭის განვითარება ევალება.

მისი შემწეობით სწავლობს უცხოეთში უამრავი ქართველი ახალგაზრდა. მისი შემწეობით ეუფლება ქანდაკების ოსტატობას როდენის სახელოსნოში იაკობ ნიკოლაძე. მისი შემწეობით, მისი შემწეობით და ასე დაუსრულებლად…

დავითს უნდა, რომ ქუთაისში თეატრი აშენდეს, უნდა, რომ თბილისში პოლიტექნიკური უმაღლესი სასწავლებელი გაიხსნას, უამრავი რამ უნდა…

ოღონდ კი ვინმე საქართველოსთვის სასარგებლო იდეით მოვიდეს. არაფერი მისი არ არის, ყველაფერი საქართველოსთვისაა…

ამბობენ, მაგალითს დიდი ძალა აქვს, მაგრამ მაგალითის მიდევნება და მისი გამეორება ძნელია. შესაბამისად, ძნელია გაიმეორო დავით სარაჯიშვილი. მიუწვდომელ მაგალითად მისი დასახვა კი შეიძლება!”