მსახიობი აკაკი ხორავა ბალერონ ვახტანგ ჭაბუკიანზე არასდროს იშურებდა კეთილ სიტყვებს.
ორივე ხელოვანმა უილიამ შექსპირის “ოტელო” გენიალურად წარმოადგინა – აკაკი ხორავას ოტელო საბჭოთა სამსახიობო ხელოვნების შედევრად ითვლება, ვახტანგ ჭაბუკიანის ოტელო კი – საბალეტო ხელოვნების მარგალიტად.
როდესაც მსახიობმა ქორეოგრაფის მიერ დადგმულ “ოტელო” ნახა, განსაკუთრებული წერილი მიუძღვნა:
“თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ახალი ბალეტი ,,ოტელო“ ნამდვილი მოვლენაა საბჭოთა ხელოვნებაში.
ეს ბუნებრივიც არის. ამ სპექტაკლის ავტორები არიან ხელოვნების გამოჩენილი ოსტატები ვახტანგ ჭაბუკიანი, სოლიკო ვირსალაძე და ნიჭიერი კომპოზიტორი ალექსი მაჭავარიანი.
აღმაფრთოვანა ბალეტის მაღალოსტატურმა დადგმამ, შემოქმედებითმა გამოგონებამ, შესანიშნავმა შესრულებამ.
ვ.ჭაბუკიანის ღრმად შთამბეჭდავი ოტელოს გვერდით ჰაეროვანი დ მომხიბვლელია ვერა წიგნაძის დეზდემონა… საერთოდ მთელი სპექტაკლი სასიხარულო და საამაყოა.
უდავოა, ბალეტმა ,,ოტელომ“ მისმა შთამაგონებელმა მუსიკამ, შესრულების მაღალმა ოსტატობამ, გონივრულად გააზრებულმა მხატვრობამ სახელოვანი ფურცელი ჩაწერეს ქართული საბალეტო ხელოვნების ისტორიაში, გვიჩვენეს, რომ ჩვენ გვყავს ისეთი მაღალნიჭიერი შემოქმედებითი ძალები, რომლებსაც შეუძლიათ ახალი სიტყვა სთქვან საბალეტო ხელოვნებაში, შექმნან ეპოქის შესაფერის მონუმენტური, ამაღელვებელი სპექტაკლები.
შეიძლება შექსპირის ტრაგედიის გაგების თვალსაზრისით ზოგ რამეში შევედავოთ ბალეტის ,,ოტელოს“ ავტორებს, მაგრამ დადგმა და შესრულების ოსტატობა მხატვრულად იმდენად ძლიერია, რომ არ შეიძლება არსებობდეს მეორე აზრი – სპექტაკლი აღიარებულ უნდა იქნას დიდ მოვლენად საბჭოთა ხელოვნებაში.
ეჭვი არ არის ბალეტი ,,ოტელო“ სახელს გაითქვამს არა მარტო საქართველოს სსრ ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე მოსკოვში, არამედ ჩვენი სამშობლოს გარეთაც.
ვულოცავ ბრწყინვალე გამარჯვებას სპექტაკლის ავტორებს, მაღალნიჭიერ შემსრულებლებს.”