20 დეკემბერი, 2019

ზვიად გამსახურდია ცოტნე გამსახურდიაზე

ზვიად გამსახურდია ცოტნე გამსახურდიაზეზვიად გამსახურდიამ თავისი შვილის ცოტნე გამსახურდიას ნათლობას ლექსი მიუძღვნა:

“ნათლისღება
(ვუძღვნი ჩემს ცოტნეს)

განმართლებულხარ,
განბანილხარ,
განწმენდილხარ,
მირონცხებულხარ.
შენ
შესაქმის ანბანი ხარ
ხატად ღვთისად,
ტაძრად გებულხარ.
შენ
ვარსკვლავთა ნაფიქრი ხარ
ნათლად ბრწყინავ მთვარისათა და მზისათა, ცისა, მადლით სრულისათა,
ედემს სასოდ დამირგიხარ
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა.

„ხელთა შენთა შემქმნეს და დამბადეს მე“
„დღემ განგინათლა არყოფნის ღამე“,
„ცა იხილავს თვალთა შენთა ახელილთა
სულიწმინდის სახელითა“.

სვლად გზასა სიმართლისასა, სმენად სარწმუნოებისა,
იცხე მირონი,
გულს შთაიბეჭდე სიტყვანი სათნოებისა
არ საძვირონი,
რომელმან იორდანესა ზედა ნათელ იღო წყალთაგან
გიხსნას მარად მგზნებარისა ჯოჯოხეთისა ალთაგან.
რომელმან კანას გალილეასა წყალი ჰქმნა ღვინოდ,
და ვინ ჩვენთა ცოდვათათვის ჯვარსა ზედა ივნო,
ჰგმოს ეშმა წყეული,
გყოს თვისი რჩეული
მოგმადლოს ნათელი დასთა კრებისა
საგზლად ცხოვრებისა!
რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გიღებიეს
სული შენი უქრობ კელაპტრად ჰგიეს
უკვდავებად აღიმსთე
და შეიმოსე ქრისტე!”