19 დეკემბერი, 2019

ჭეშმარიტების სარკე სანდრო ელოშვილისგან

ჭეშმარიტების სარკე სანდრო ელოშვილისგანრეჟისორ სანდრო ელოშვილისგან შემოთავაზებული ჩანაწერი ნამდვილად ჭემარიტების სარკეში ჩახედვაა, ამიტომ მოგვწონს თუ არა, ამის გაკეთება მოგვიწევს:

“ეს ბიჭი გაფრინდა ჩვენგან!

მე ვფიქრობ უფრო ჩვენ გადმოგვაგდო მეცხრე სართულიდან და დაგვახეთქა!

დაგვახეთქა ჩვენს კონფორმიზმთან, ნიჰილიზმთან და ცინიზმთან ერთად…

მაგრამ ჩვენ ხომ ძალიან გამძლეები ვართ და ჩვენი ზემოთ ჩამოთვლილი პაწუკა მანკიერებები უფრო მეტად…

ეს ბიჭი გაფრინდა ჩვენგან, ჩვენ კი დავრჩით ისევ იმ საზოგადოებასთან თუ საზოგადოებაში, რომელიც კლავს… კლავს და სპობს ყველაფერს, თუნდაც 15 წლის ბავშვსაც კი…

მინდა ვცდებოდე, მაინც შევეცდები ვთქვა, რა მოხდება. ხვალ მასები და თანაც, უხ, რამდენი მასები შევიკრიბებით, როგორც წესია, პარლამენტთან, თუ კარგად მოვიქცევით, ერთ ბარტყს გადმოგვიგდებენ, თუ უფრო კარგად – ორსაც შეიძლება გამოვკრათ ხელი…

მერე სახლებში წავალთ და გამოვყოფთ თავს ჩვენი ფანჯრებიდან თუ ტელევიზორებიდან… ჩვენ ხომ მალე ვიღლებით, ხოლო მიზეზის მოფიქრებას რა უნდა… “იმის გვერდზე არ დავდგები”, “ის წამოვიდეს და მივალ”, “მანდ ყველა ერთი ნაგავია”… ამაში ცოტა ბოტუნიები და ტროლუნიებიც მოგვეხმარება ჩვენი ბიუჯეტიდან მიფინანსებულები, ხოდა, ეგაც ჩვენი სამოქალაქო პროტესტი!

ეს ბიჭი კი გაფრინდა ჩვენგან, ჩვენ კი, იმ ძველი ანდაზის არ იყოს “უნამუსოს თავზე აფსამდნენ და იძახდა რა თბილი წვიმა მოდისო” იმ სამართალდამცავებს, იმ გამომძიებლებს, იმ პროკურორებს და იმ მოსამართლეებს გამოვაძიებინებთ ამ საქმეს მრავალი ათეული წლებია რომ იძიებენ და ჩვენ მათ გამო გამოსვლებს, მიტინგებს და ხშირად რევოლუციებსაც კი ვაწყობთ…

“სისტემა უნდა დაინგრეს” შეძახილით ორი მთავრობა გამოვიცვალეთ და მჯერა ამასაც მალე დავაყოლებთ ზედ, მაგრამ რას შევცვლით? თავი ბოლო სამ-ოთხ კაცს, როგორც საბჭოთა დროშაზე ბელადების მიხატულ თავებს.

ჩვენც ახალი ენთუზიაზმით გავყვებით ახალ ბელადს და დაგვავიწყდება რომ ისევ ის მოსამართლე, პროკურორი, გამომძიებელი და პოლიციელი დაგვიჭერს, დაგვკითხავს და გაგვასამართლებს…

ჩვენზე ერთი ძველი და კარგი ანეკდოტია…

კაცი ტახტზე დაბღვერილი სახით ზის, ცოლი ათას რამეს აკეთებს, შრომობს, წვალობს…
შენ რატომ არაფერს აკეთებო, მეზობელმა ჰკითხა…
მტერი რომ მოვა, დაღლილი ხომ არ დავხვდებიო?!

ასე, ცაში აბრდღვიალებული ხმლებით ვღრიალებთ და ვყვირით…
ვიგინებით და ვიმუქრებით…
ცხრა მთას იქეთ მტერს ვაშინებთ და ამ დროს…
თურმე აგერ არ არის მტერი?! თურმე მოვიდა კიდეც, დაგვამარცხა კიდეც, გაგვძარცვა და ახლა გვაუპატიურებს…
მაგრამ ჩვენ შორს ვიყურებით, ცხრა მთას იქეთ…

ეს ბიჭი კი გაფრინდა ჩვენგან…

მეცოდები შვილო, იმიტომ კი არ მეცოდები, რომ ჩვენზე ღირსეული გამოდექი და ცოცხლები მაინც ჩვენ დავრჩით, იმიტომ, რომ თხუთმეტი წელიწადი გატყუეთ რომ ჩვენ ყოველ დღე, მუხლჩაუხრელად, უკომპრომისოდ, გულითა და მონდომებით უკეთესს, ნათელ და ბრჭყვიალა სახელმწიფოს გიშენებდით შენ!

გაფრინდა ეს პატარა ბიჭი ჩვენგან, მაგრამ ახლა გვტკივა ეს ამბავი. ხვალ ბრინჯი გაძვირდება ან ყველა ავტომანქანის სტაფილოსფრად გადაღებვას მოგვთხოვენ, ხოდა, ამიტომ ახლა გიხდი ბოდიშს… მერე აღარ გვეცლება შენთვის!

ვფიქრობ ამ ამბავზე და ერთი კარგი პოეტის, ელა გოჩიაშვილის ლექსის დასასრული მახსენდება:
“თამაშობს ბავშვი, მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს…”

ჩვენ, დიდ და სერიოზულ ადამიანებს არ გვიყვარს როცა ბავშვები თამაშობენ, მითუმეტეს, თუკი ხმაურით და ჟრიამულით აკეთებენ ამას!

დრო მოვა ლუკა და რომელიმე გაიძვერა მთავრობად წოდებული ჯგრო შენს სახელს და გვარს სადმე ქუჩას დაარქმევს… მერე ნახე რამდენჯერ ეწერები ქუჩაში… ერთიდან ასამდე, ან ორასამდე, ან… ან… ქუჩის სიგრძეს გააჩნია, მაგრამ შენ რომ დაწერე კედელზე რაღაც ეს ვერ გაპატიეთ…

მერე რაც მოხდა… შენც ვერ გვაპატიე და გაფრინდი ჩვენგან!”