28 დეკემბერი, 2019

რობერტ სტურუა სუხიშვილებზე

რობერტ სტურუა სუხიშვილებზერეჟისორი რობერტ სტურუა ქართული ნაციონალური ბალეტ “სუხიშვილებზე” მისთვის უმნიშვნელოვანეს ისტორიას იხსენებს:

“სტუდენტი ვიყავი! არასოდეს ვყოფილვარ სუხიშვილის და რამიშვილის ხალხური ცეკვის ანსამბლის კონცერტზე!

ჯაზი, ჯაზი! – აი, ჩემი ფანატიური და ერთადერთი გატაცებაც და სიყვარული. თვითონაც ვუკრავდი, კურსზე კვარტეტიც კი შევქმენი. გამოგიტყდებით, ჩვენ, “თანამედროვე” ახალგაზრდები ხალხურ მუსიკას და ცეკვას ირონიით აღვიქვამდით!.. ერთხელ ზაქარიაძის ლექციის შემდეგ – თეატრში ატარებდა ხოლმე – ბატონმა სერგომ გვითხრა: წამოდით, მცირე დარბაზში სუხიშვილების კონცერტი იწყებაო!

და რა გვექნა, დავრჩით!…

ო, ეს ბედნიერი, დაუვიწყარი დღე! თელონიუსი მონკის მოტრფიალე ფანატიკოსს ყველაფერი დამავიწყდა. ემოციები, რომელიც ვაჟკაცმა რაინდებმა და ულამაზესმა ქალღმერთებმა აღძრეს ჩემში, სრულიად გარდამქმნეს! ის სულიერი აფეთქება სამუდამოდ შემრჩა, არასდროს გაქრება! არ გაგეღიმოთ, სიამაყის გრძნობაც კი დამეუფლა! მკვეთრად ვიგრძენი, რომ ქართველი ვარ, რომ ჩემ ხალხს უდიდესი ძალა, სილამაზე გააჩნია! ბედნიერებამ ამიტაცა, რადგან მივხვდი რა უდიდესი, თითქმის მისტიური სიმდიდრე იმალება ქართველთა შეუცნობ სულში!

მე, 18 წლის ახალგაზრდას თითქოს თვალები ამიხილა, თითქოს წინაპრების, კოლხების სისხლმა ზღაპრულ სამყაროში გადამისროლა!

როგორც რობაქიძე წერდა: როკვამ ჩემ სიცოცხლეს ახალი ბიძგი მისცა, ძალა შემატა!

ასეა. ქართველები არნახულ, მსოფლიოსთვის საოცარ სიმდიდრეს უაზროდ ფლანგავენ, თითქოს არც იციან რა იდუმალი განძი გადმოგვცეს ჩვენმა წინაპრებმა!

ო, ქართული გალობა და როკვა!

ო, საოცარი ჩვენი ტაძრები!”