რეზო ინანიშვილი: “მე ხომ ყველას გულისათვის ვკვდები!”

რეზო ინანიშვილი: "მე ხომ ყველას გულისათვის ვკვდები!"– როგორ მიკვირს, – რა ვარ და ვინ ვარ? – წერდა რეზო ინანიშვილი, მაგრამ ის კი ზუსტად იცოდა, რომ ყველას გულისათვის კვდებოდა:

“ჩემო საბრალოებო, ჩემო საცოდავებო, მე ხომ ყოველთვის სიცოცხლეს ვათავებ, როცა მდგომარეობას წარმოვიდგენ სამყაროში: მე ხომ ყველას გულისათვის ვკვდები! მხოლოდ ჩემი თავი არ მიმაჩნია ამის ღირსად.”

“მე ვეღარ ვახერხებ ფიქრისა და წერისათვის გამოვგლიჯო მსახვრალ ცხოვრებას დრო, და ეს დამღუპავს. არადა რა საინტერესო რაღაცეებს ვხედავ ჩემს შიგნით, მხოლოდ ღრმად, როგორც მდინარის ფსკერზე.”

“როგორ მიკვირს, – რა ვარ და ვინ ვარ? ესოდენ მძაფრად რომ მიწურავს გულს ყოველი ცუდი ფეხსაცმელი ქალისა, ყოველი გახეხილი პალტო, ყოველი უგემურად შეკერილი კაბა. არანაკლებად განვიცდი ხოლმე გამხდარი, ფერმკრთალი ბიჭების ულაზათო, უქონოლობით იოლად გასასვლელ ჩასაცმელ – დასახურს. თანაც ეს შარვლის სიგანე უსიამოვნოდ მეჩხირება თვალში.”

“ნუთუ ჩემი ერთგულება “მცირე ფორმისადმი” არ მეტყველებს იმაზე, რომ არავის ვეჯიბრები არც მწერლურ სახელში, არც ქონების მოხვეჭაში. მე ხომ გრძლადაც შემიძლია წერა, (თანაც ძალიან სწრაფად) რაზედაც მეტყველებს ჩემი კინოსცენარები.”

“ადამიანი ბავშვობიდანვე უნდა შეაჩვიოთ იმ აზრს, რომ იგი განცხრომისთვის არ არის მოსული ამ ქვეყანაზე. მან უნდა ზიდოს მძიმე ლოდები სახლების ასაშენებლად, თხაროს ქვასავით მაგარი მიწა გზებისა და არხების გასაშენებლად, თვალები ჩაიწყალოს მილიარდობით დახვავებულ სასტამბო ნიშნებში. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დაჰკარგავს სულიერ წონასწორობას. ეს კი უსაშინლესი დაავადებაა ყველა დაავადებათა შორის.”

“ადამიანის ცხოვრება ყველაზე მეტად ცეცხლის ალს წააგავს. ის ხომ გამუდმებულ სწრაფვაშია. თანაც მიისწრაფვის მხოლოდ და მხოლოდ მაღლა, მიისწრაფვის და… თავდება არარაობაში, როგორც თვით ალი, ისევე მისი კვამლიც.”

“ჩვენი სული ბავშვების მიერ კუბიკებით აშენებული ხუხულას ჰგავს. ყველა, ვინც კი გვხედება, თითო კუბიკს მაინც ადებს ზედ, ანდა პირიქით, მიაქვს. და ვაი, რომ ამ ადამიანთა შორის არიან ისეთები, რომლებიც ორი ხელით, უბით, მთელი კალთით იტაცებენ იმას, რასაც თითო-თითოდ დებდნენ სხვები…”