6 დეკემბერი, 2019

რა ხდება ეროვნულ ბიბლიოთეკაში?

რა ხდება ეროვნულ ბიბლიოთეკაში?საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში სხვადასხვა პროექტები ხორციელდება.

ბოლო დღეებში ინტერნეტში გავრცელდა ვიდეომასალა ბიბლიოთეკის VI კორპუსის რემონტის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, თუმცა ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ გავრცელებული მასალა არ შეესაბამება სიმართლეს.

თინა ლომჯარია, ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენელი:

“ამ დღეებში გამოქვეყნებულმა ვიდეომასალამ ბიბლიოთეკის VI კორპუსის რემონტის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, ალბათ ბევრი თქვენგანი განაცვიფრა ან აღაშფოთა. მინდა დაგამშვიდოთ და გითხრათ, რომ ყველა ის ფოტო, რომელიც გამოქვეყნდა არის ფალსიფიცირებული და არ შეესაბამება სიმართლეს. ამ ბოლო დროს არაერთხელ დამიდია ფბ-ზე განახლებული VI კორპუსის ფოტოები, იქ მიმდინარე საბიბლიოთეკო მუშაობისა და ღონისძიებების ამსახველი კადრები და დამეთანხმებით, არაჩვეულებრივი სანახავია.

დავიწყებ იმით, რომ VI კორპუსი წლების მანძილზე ავარიულ მდგომარეობაში იმყოფებოდა (კედლები დახეთქილი, კიბეები მორყეული და იატაკები დაქანებული, წიგნსაცავი მოცილებული ძირითად შენობას და გადაქანებული ჩამონგრევის საშიშროებით, ლიფტი ავარიული) და საჭიროებდა სასწრაფო რემონტს, რისთვისაც მოხდა თანამშრომელთა გაყვანა შენობიდან. წიგნსაცავს რაც შეეხება, გადაწყდა ფონდების შეფუთვა რემონტის პერიოდში და დამცავი ფირფიტებით შენიღბვა. ფონდის გადაზიდვა ვერ ხერხდებოდა ჯერ ერთი იმიტომ, რომ არ იყო საჭირო ფართი ამხელა ფონდის დასაწყობად, მეორეც, სახიფათო იყო მისი გადაზიდვის პროცესში ჩართული ადამიანების ჯანმრთელობისთვის, იმდენად ავარიული იყო შენობა და მესამეც, გადაზიდვისას ფონდში დაცული ერთეულების დაკარგვის ან დაზიანების გამო.

აქვე აღვნიშნავ, რომ ყოველი ერთეული წიგნსაცავში სპეციალურ კაბრაში ანუ მუყაოს ყუთებში ინახებოდა, რაც წიგნს იცავს მტვრისა და სხვა მავნე დაზიანებისაგან, ფონდი მთლიანად განლაგებული იყო მეტალის სტელაჟებზე და მისი პროფესიულად შეფუთვის შემთხვევაში, არაფერი დაემუქრებოდა ეროვნულ განძს. ანუ სამმაგი დაცვის ქვეშ იმყოფებოდა თითოეული ეგზემპლარი: მუყაოს ყუთი, მეტალის სტელაჟი, შეფუთვა და სპეციალური დამცავი ფირფიტები შედუღების შემთხვევაში. ასეც მოხდა. დაინიშნა პიროვნება, რომელიც პასუხისმგებელი იყო სარემონტო სამუშაოების უსაფრთხო ჩატარებაზე და გამოიყო წიგნსაცავის ორი თანამშრომელი, რომლებიც იმორიგევებდნენ საცავში მიმდინარე სამუშაოების დროს.

მე რაც ვიდეომასალაზე ვიხილე, რომლის მიხედვით მიმდინარეობს შედუღება ღია თაროსთან, მგონია რომ სპეციალურად არის გადახდილი თარო, რაღაც საკუთარი, პიროვნული მიზეზებიდან გამომდინარე. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მარტო მას, საცავის თანამშრომლის გარეშე, წიგნსაცავში შესვლის უფლება არ ჰქონდა.

ისმის კითხვა: სარემონტო სამუშაოებზე ზედამხედველმა, რომლის ხმაც გვესმის და ტელეფონით იღებს ამას, საცავში იმყოფება მარტო, არ ახლავს საცავის თანამშრომელი და რაც მთავარია რატომ არ აღკვეთს მსგავს ფაქტს, თუ ეს სიმართლეა.

უნდა აღინიშნოს, რომ წიგნსაცავის რემონტი, უკვე ამ პიროვნების გარეშე დასრულდა. წიგნსაცავი აღიჭურვა კლიმატური რეჟიმის თანამედროვე ტექნიკით, ახალი ელექტროგაყვანილობით, რემონტის შემდეგ ჩატარდა ფონდების ინვენტარიზაცია და არაფერია დაკარგული ან დაზიანებული (შესაბამისი დოკუმენტაცია არსებობს). ხოლო ამ პიროვნებას სხვა საქმე გამოუჩნდა, რასაც ჰქვია ბიბლიოთეკის სახელის შელახვა და თანამშრომელთა შეურაცხყოფა.

დღეს კიდევ ერთხელ ვდებ ფოტოებს. ვისაც სურვილი გაგაჩნიათ მობრძანდით და თქვენი თვალით ნახეთ დღეს რა ვითარებაა ვახტანგ VI განახლებულ კორპუსში და ნუ აყვებით არაკეთილმოსურნე ადამიანის ცილისმწამებლურ განცხადებებს.

მობრძანდით ვახტანგ VI კორპუსში დასათვალიერებლად. მეგზურობას გაგიწევთ სიამოვნებით. ყველა თმენას აქვს საზღვარი!”

ლევან თაქთაქიშვილი, საცავების მცველი:

“მე, ლევან თაქთაქიშვილი, ვაცხადებ, რომ ვიზიარებ ჩემს პასუხისმგებლობას ყოფილი წიგნის პალატის კორპუსის გამაგრებით სამუშაოების დროს ფონდების საცავში დატოვებაზე. მეტიც, ვამაყობ, რომ ჩემს კოლეგებთან ერთად მივიღე მონაწილეობა ამ გადაწყვეტილების მიღებაში.

მიუხედავად იმისა, რომ არც იყო ალტერნატიული ვარიანტი ფონდის მთლიანი გატანისა, ასეთი შენობა ბუნებაში არ იყო, რომ უშიშრად ყოფილიყო ეს ფონდი გადატანილი, მაინც სწორი და პრინციპული გადაწყვეტილება იყო ამ ფონდის თუნდაც ერთი სართულის დაცლის და შემდგომ სართულების ცალკ-ცალკე გადატანა-გადმოტანის უარყოფა, ვინც იცის საგაზეთო ფონდების გადატანისას მათი ყდებიდან მოცილების დიდი ალბათობა, ვინც იცის, რომ ფონდებს ფორმატის მიხედვით და სახეობების მიხედვით სხვადასხვანაირი თაროები აქვს და მათი ადგილმონაცვლეობა სტაციონალური თაროების მოშლასაც იწვევს, ვინც იცის, რომ ფონდების გადაზიდვისას იცვლება ერთ კვადრატულ მეტრზე განაწილებული სიმძიმის რაოდენობა და ეს ყოველივე ავარიულ შენობაში დაუშვებელია, ის გაიგებს ჩვენი გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას.

გადაწყვეტილება ფასდება შედეგით. ნოტერდამის ჩაქრობა შედეგით შეფასდა. მჯერა, რომ როცა გსურს საქმის საუკეთესოდ შესრულება, პასუხისმგებლობაც უნდა აიღო. ხოდა მეც მომეცით უფლება, მთლიანად ავიღო ჩემს თავზე ამ ფონდების გადატანის პროცესის უარყოფა. მე არ მსურს, რომ თანამშრომლებმა დრო დაკარგონ და ნერვები ამ პოსტებზე. მე ვარ პასუხისმგებელი ამ ფონდზე. ნახეთ დანაკარგი. ნახეთ ზარალი. ამას ვამბობ მთელი სერიოზულობით.

ქალბატონო თინა, იყავით მშვიდად, თქვენ არ ხართ ღირსი, ინერვიულოთ ასეთ პოსტებზე, თქვენ და ჩემს სხვა ძვირფას თანამშრომლებს მოვუწოდებ, არ დაკარგონ დრო ამ მიწერ-მოწერაზე. სანთელ-საკმეველი თავის გზას იპოვნის.”

რა ხდება ეროვნულ ბიბლიოთეკაში?