პოეტი დავით წერედიანი გარდაიცვალა

პოეტი დავით წერედიანი გარდაიცვალაპოეტი, მთარგმნელი და ლიტერატორი დავით წერედიანი გარდაიცვალა.

ჩუმი, უხმაურო ნიჭიერება, სიფაქიზე, გემოვნება, სინდისი, სინათლე – ასე ახასიათებენ მას კოლეგები.
ინფორმაცია პოეტმა შოთა იათაშვილმა გაავრცელა:

“პატარა ბიჭობიდან მახსოვს ეს დიდი კაცი. მამაჩემის მეგობარი იყო და ხშირად გვსტუმრობდა ხოლმე. 40-45 წლის იქნებოდა – მაშინაც იდუმალად ჩუმი და საკუთარ თავში ჩაბრუნებული.

გივი ჭიჭინაძე იყო ხშირად ასევე ჩვენი სტუმარი, მუდამ მხიარული და ენერგიული და ეს ორი ადამიანი საოცარ კონტრასტს ქმნიდა. მაშინ მე და ჩემს დას გივი ჭიჭინაძის ლექსების გვესმოდა, ზეპირად ვიცოდით და საოცრად გვიყვარდა, დავით წერედიანის მიმართ კი რაღაცნაირი მოწიწება გვქონდა. ვერც ვხვდებოდით, რას ქმნიდა ეს ადამიანი, მაგრამ მამა სულ გვეუბნებოდა, დაიმახსოვრეთ, ეს კაცი გენიოსიაო. ჩვენც უპირობოდ ვიღებდით მის ნათქვამს და მახსოვს, რომ ძია დათოს მიერ იშვიათად ამოთქმულ სიტყვებს სულ სხვანაირ გულისყურს ვაპყრობდი ხოლმე.

მერე მამა გარდაიცვალა, 1984-ში და ეს სტუმრობებიც დასრულდა. სავარაუდოდ, ალბათ ამის მერე დავიწყე ნაჩუქარი წიგნების ქექვა და მერე მივხვდი რაღაცეებს. ლიტერატურაშიც მოვედი თანდათან და ხანდახან უკვე როგორც ლიტერატორი ლიტერატორს, ისე გადავეყრებოდი ხოლმე ძია დათოს.

მისთვის ალბათ ბოლომდე გოდერძის ბიჭად დავრჩი და თბილი და კეთილი ღიმილით რომ შემომხედავდა, სავარაუდოდ, იმ გასულ წლებს ხედავდა ხოლმე…

ნახვამდის, ძია დათო, ძალიან უყვარხართ გოდერძის ბიჭ შოთას და ძალიან უჭირს თქვენთან დამშვიდობება.”