11 დეკემბერი, 2019

მზექალა შანიძის საყურადღებო რჩევა

მზექალა შანიძის საყურადღებო რჩევაენათმეცნიერის მზექალა შანიძის საყურადღებო რჩევა ყველა იმ ქართველისთვისაა, ვისთვისაც მშობლიური ენა ღირებულია:

“ენა კი არ არის გაღარიბებული – ენა ინარჩუნებს იმას, რაც იყო… მისი მოხმარებაა გაღარიბებული…

ენა კი არ გაღარიბდა, ენა გააღარიბეს იმათ, ვინც ეს ენა არ იცის. იმისთვის, რომ ენა იცოდნენ, უნდა იკითხონ ამ ენაზე დაწერილი ლიტერატურა, არამარტო რომანები, არამედ, მეცხრამეტე საუკუნის პუბლიცისტიკა, ასევე, ძველი ქართული ტექსტები. რა თქმა უნდა, ბევრი კითხვა ყველა პრობლემას ვერ გადაწყვეტს, მაგრამ ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია.

მე მგონი, მეტ-ნაკლებად განათლებული ყველა ადამიანი პროგრესის ერთგული უნდა იყოს. სიახლე მოდის ცხოვრებაში და ის აუცილებელია. არ შეიძლება, ადამიანი მარტო წარსულში იყოს. ერთხელ ერთ სამინისტროში ლაპარაკობდნენ ტრადიციების დაცვაზე ისე, რომ მინისტრს ვუთხარი, ასე მგონია, ჩიხტიკოპი მახურავს და ჭრაქით განათებულ ქოხში ვზივარ-მეთქი.

და ძირითადად, პროგრესი ადამიანის სულიერ ცხოვრებაში უნდა იყოს. ჩვენ უნდა დავძლიოთ წარსულის ზედმეტი იდეალიზაცია, წინ გახედვის უუნარობა, უნდა შევიძინოთ შრომის კულტურა. ეს ყველაფერი პროგრესია, აბა, რა არის.”