7 დეკემბერი, 2019

ლექსები თოვლზე

ლექსები თოვლზეთოვლზე დაწერილი ლექსები იმდენად რომანტიკულია, რომ რთულია მათი ემოციების გარეშე წაკითხვა.

 

გალაკტიონ ტაბიძე – თოვლი

მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
ქალწულებივით ხიდიდან ფენა:
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
და სიყვარულის ასე მოთმენა.
ძვირფასო! სული მევსება თოვლით:
დღეები რბიან და მე ვბერდები!
ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ
უდაბნო ლურჯად ნახავერდები.
ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება:
იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,
მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება
შენი თოვლივით მკრთალი ხელები.
ძვირფასო! ვხედავ… ვხედავ შენს ხელებს,
უღონოდ დახრილს თოვლთა დაფნაში.
იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს
შენი მანდილი ამ უდაბნოში…
ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის
ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა,
მწუხარე გრძნობა ქროლვის, მიმოვლის
და ზამბახების წყებად დაწვენა.
თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული სიზმრით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!
არის გზა, არის ნელი თამაში…
და შენ მიდიხარ მარტო, სულ მარტო!
მე თოვლი მიყვარს, როგორც შენს ხმაში
ერთ დროს ფარული დარდი მიყვარდა!
მიყვარდა მაშინ, მათრობდა მაშინ
მშვიდი დღეების თეთრი ბროლება,
მინდვრის ფოთლები შენს დაშლილ თმაში
და თმების ქარით გამოქროლება.
მომწყურდი ახლა, ისე მომწყურდი,
ვით უბინაოს – ყოფნა ბინაში…
თეთრი ტყეების მიმყვება გუნდი
და კვლავ მარტო ვარ მე ჩემს წინაშე.
თოვს! ამნაირ დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული ფიფქით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი!
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!

 

ოთარ ჭილაძე – ეცემა თოვლი

ეცემა თოვლი, თეთრი-ფრინველი,
ეცემა, მაგრამ რა იცის თოვლმა,
ან რას გაიგებს, რომ დღეს პირველად
არ შემიძლია მე შენი პოვნა.
და დღე, რომელიც უშენოდ მოვა
მხოლოდ გარედან იქნება მშვიდი.
ეცემა თოვლი… რა იცის თოვლმა,
რა იცის ჩიტმა-მიფრინავს ჩიტი.
ეცემა თოვლი, როგორც ცხოვრება
თოვლივით ჩუმი და შემპარავი,
მე კი ყოველთვის მემახსოვრება,
რაც ახლა მინდა, მაგრამ არ არის.
ეცემა თოვლი და დროს მიყვება
ლამაზი, მაგრამ უკვე ყოფილი
როგორც შემკრთალი ჩვენი ლანდები
სადღაც სივრცეში გადაჭდობილი.

 

ოთარ ჭილაძე – ქალი ტიროდა. გარეთ კი თოვდა…

ქალი ტიროდა. გარეთ კი თოვდა
და გროვდებოდა თოვლი რაფაზე.
და ქალთან რაღაც საერთო ჰქონდა
ზამთრის სიმკაცრეს და სიკაპასეს.

შეშფოთებულნი იყვნენ საგნებიც,
ან თოვლის შუქზე მოჩანდნენ ასე
და, რა თქმა უნდა, ჩემზე ნაკლებად
იტანჯებოდნენ ტირილის ხმაზე.

ის კი ტიროდა და პირქვე იწვა:
სურდა ტირილით თავი გაერთო…
და უკვე თოვლით დაფარულ მიწას
იმ ქალთან რაღაც ჰქონდა საერთო.

 

ოთარ ჭილაძე – თოვლი

ჩვეულებრივად ვხვდებოდით ღამეს,
ჩვეულებრივად ვხვდებოდით დილას:
სტუმრებს ღიმილით ვაწვდიდით სკამებს,
უცხოსთან თავი გვეჭირა ფრთხილად.
და სწორედ ამ დროს მოვიდა იგი
და მოეფინა გარინდულ ქუჩებს,
და გაუქმებულ კარების იქით
ახალი სივრცე გაიხსნა უცებ.
და თოვლის ირგვლივ შეგროვდა ხალხი
და ყველას თოვლი ეკერა პირზე
და თოვლს სიმღერით ისედაც დაღლილს,
სთხოვდნენ ემღერა ისევ და ისევ.
ის კი მღეროდა თხოვნის გარეშე,
კეთილი სული ცის და მფრინავთა
და გაოცებულ ხალხის თვალებში
თავგანწირული სიმი ბრწყინავდა.
მე ვუყურებდი დაღლილ მეგობარს.
ხმა კი მესმოდა უფრო ზემოდან.
მე ვუყურებდი და სულ მეგონა,
რომ გადნებოდა და გაქრებოდა.
მართლაც მოვიდა იანვრის დილა,
სულ სხვა ფიქრებით და საქმით სავსე.
და თვითმფრინავის მწუხარე ჩრდილმა
გადაიარა ქალაქის თავზე.

 

მურმან ლებანიძე – თოვლი მოსულა

მტკაველი რაა,
ერთი მტკაველი,
მტკაველიც არსად
დაუტოვია –
დაუთოვია
ირგვლივ მთა-ველი,
მთლად საქართველო
დაუთოვია.
წკრიალებს გული!
ჭრიალებს თოვლი
ბუხრებმა კვამლი
ლაჟვარდს მოჰფინეს:
ხარ-ირმებს ჰგვანან
ბუხრები შორით,
სერზე შემდგრებს და
რქადატოტვილებს.
და პირველ თოვლში
პირველი ციგა
პირველ გუნდებთან
ბრძოლით მოცურავს.
გამოდით გარეთ,
გამოდით გარეთ,
თოვლი მოსულა!
თოვლი მოსულა!
მტკაველი რაა,
ერთი მტკაველი,
მტკაველიც არსად
დაუტოვია –
დაუთოვია
ირგვლივ მთა-ველი,
მთლად საქართველო
დაუთოვია.

 

მიხეილ ქვლივიძე – ბარდნის…

ბარდნის,
ბარდნის,
ისევ ბარდნის..
ცა დაიმსხვრა და ფიფქებად დამესია.
ყური უგდე:
ხმა ფიფქების ჩამოვარდნის
უცნაური რამ ლექსია!
შენ თოვლი ხარ,
შენ ხარ ჩემთვის – დავიწყება,
შენთან მინდა დავივიწყო ყოველივე.
ხედავ,
თეთრად გადიბარდნა იმ სახლების შავი წყება,
სადაც სიზმარს მოველი მე..
უშენობას ვერ ავიტან
რადგან ყველა,
ვინც მახსოვდა, შენს ტალღებში ჩაიძირა.
შენმა მოსვლამ სული თეთრად დამიბნელა,
დამიბნელა და იცი რა?
ისევ
ბარდნის,
ბარდნის,
ბარდნის,
თითქოს ფიქრი თეთრ ფიფქებად დამესია..
ყური უგდე:
ხმა ფიფქების ჩამოვარდნის
უცნაური რამ ლექსია!

 

ირაკლი აბაშიძე – პირველი თოვლის სიმღერა

წუხელ თოვდა,
ნეტავ ჩემთან რად არ გაჩნდი,
გენახე და ძილში თბილად დაგეხურე…
მე ავდექი პირველ თოვლზე განთიადში
და ვეძებდი შენს პატარა ნაფეხურებს.
დაეყარა სახლებზე და ვერის გზაზე
თოვლი, თეთრად დასახული,
ასე თეთრად, გულუბრყვილოდ ჰყვავის ასე
იმერეთში ტყემლის ხეზე გაზაფხული.
ჰყვავის ასე,
და განთიადს მიხალისებს
ეს ზამთარიც, დეკემბერში თოვლის ხვავი,
ის თბილისის ხეივნებში კიპარისებს
იმერულად გამოასხამს ტყემლის ყვავილს.
დგას ბუცები ვერის ბაღში, შემკრთალები,
ზედ თოვლია თუ ფრიალი ფაფანაკთა?!
ანდა იქნებ ავჭალიდან თეთრ კარვებით
ადგა ჯარი და თბილისში დაბანაკდა?!
რა თოვლია!
შენობებს და ბაღში ხარდანს
ფარავს, თეთრად დასახული…
ეს პირველი თოვაც ისე გამეხარდა,
როგორც გუშინ მიხაროდა გაზაფხული.
მიხარია,
ცხელ ზაფხულის დაბრუნებაც,
წვიმაც, ქარიც, უსაქმურად დანაბერი…
ბევრი კარგი რამ სცოდნია ამ ბუნებას,
მაგრამ, კარგო, შენისთანა არაფერი!.

 

მირზა გელოვანი – თოვლი მოვიდა

თოვლი მოვიდა, ო, არა თეთრი,
სულ სხვანაირი თოვლი მოვიდა.
მგონია, მოხვალ, შენ მოხვალ ერთი
და თოვლის სპეტაკ კუბოს მომიტან.
დამმარხე თოვლში, დამმარხე ქარში,
თორემ მომბეზრდა მიწა ბოროტი.
იჩქარე, ვიდრე თოვლივით წავშლი
შენზე ფიქრებს და შენზე მოლოდინს.
წახვედი როდის, ბრუნდები როდის –
დამწვარი თოვლის მსუბუქი ბოლი,
ჩემკენ, ო, ჩქარა, გზაც აქეთ მოდის –
თოვლი, თოვლი, თოვლი.
მათოვდა წუხელ, ავად ვარ ახლა
და თვალზეც ბინდი ჩამორხეულა.
ამდენი ვნება, ამდენი დაღლა
სად დაიტიროს ჩვილმა სხეულმა!
თოვლი მოსულა. რომელ მხარეში,
სად გიღამდება დღე თოვლნარევი,
დავრჩი მზისა და თოვლის გარეშე,
ამ თოვლზე უფრო ნამტირალევი.
წახვედი როდის, ბრუნდები როდის –
დამწვარი თოვლის, მსუბუქი ბოლი,
წამოდი ჩემთან, გზაც აქეთ მოდის –
თოვლი, თოვლი, თოვლი.

 

ნოდარ დუმბაძე – ბიჭოს, რა თოვლი მოვიდა

ბიჭოს, რა თოვლი მოვიდა,
ნეტავ საიდან მოვიდა,
იმდენ ხანს დააგვიანა,
ალბათ, ძალიან შორიდან.
აუ, რამდენი ფიფქია,
ფიფქები ქარში მიქრიან,
ასე ლამაზი თუ იყო
ზამთარი, არც მიფიქრია.

 

მაყვალა მრევლიშვილი – ფიფქები
თოვლის ნამცეცა ფიფქები
ყინვის ალერსით ვალმასობთ,
ციდან იმიტომ ვიფრქვევით,
ზამთარი გაგილამაზოთ.
ხელიხელგადახვეულებს
მიწისკენ მოგვიხარია,
ჩქარი ფერხულით ვეშვებით
გნატრობდით დიდი ხანია.
თეთრად დავფარავთ მიდამოს
ჩვენი ქათქათა კაბებით,
შორიდან ნამგზავრები ვართ,
შრიალით ჩავინაბებით.
მოარბენინეთ, ბალღებო,
ციგა და თხილამურები,
იჟრიამულეთ, გაგვართეთ
თქვენი ფაქიზი სტუმრები.
თორემ თუ ნისლი განაზდა,
ზამთარი, მბრწყინავთვალება,
აიკრავს გუდა-ნაბადს და
წლის სავალს გაგვეპარება.
ჩვენ კი თბილ სხივებს შევრჩებით
სათუთი, სიფრიფანები,
მზის გულზე სადმე შევშრებით
ან ცვარად ჩავექანებით.
ჯერ კი ხელგადახვეულებს
სიმღერით მოგვიხარია,
ჩქარი ფერხულით ვეშვებით,
გნატრობდით დიდი ხანია.

თამრი ფხაკაძე – თოვლი

თეთრმა თოვლმა, ქუნქულამ
არემარე დაფარა.
_ გიხარია?
_ ძალიან!
_ ვიგუნდავოთ?
_ აბა რა!

_ ეს ვინ მოდის?
_ გიგა.
_ თან რა მოაქვს?
_ ციგა.
“ციგა სხვებსაც ათხოვე”, _
დედამ დაარიგა.

ჩვენ არ ვიცით დაღლა!
რა ვაკეთოთ ახლა?
_ თოვლის პაპა დავდგათ
იმ გორაზე, მაღლა!

ეერთი გუნდა,
ოოორი გუნდა,
ახლა თავის დადგმაც უნდა!
ორი თვალი, ცხვირი, პირი, _
პაპა დადგა გასაკვირი!
ხელში _ ჯოხი.
თავზე _ ვედრო.
_ რა აკლია?
_ თოვლის ბებო!

უჰ, რამდენი ვიხალისე?!
დამიწითლდა ლოყები.
ახლა სახლში გავიქცევი
და ამ ამბებს მოვყვები!

ფიფქი მოდის, არ ილევა.
ისევ თოვს და თოვს და თოვს…
ბაბუ ამბობს: ამისთანა
დიდი თოვლი არ მახსოვს…

ბებო ამბობს: ცხელი ჩაი
ხომ უხდება ასეთ ამინდს?
ჰოდა, ჩაიც მიირთვით და
ეს ცხელ-ცხელი ლობიანიც!

 

ტარიელ ხარხელაური – დაზამთრდა…

დაზამთრდა…
თოვლი არც ისე მიკვირს
და არც სიცივე –
სისხლში რომ ატანს
მე მეშინია ამ ატმის კვირტის
გაზაფხულზე რომ
ვერ გახსნას მარტმა.
მე მეშინია დამშრალი ღელის,
თოვლქვეშ რომ წევს და
უგონოდ სძინავს
და გვირილათა გაყინულ ველის
გამოღვიძება ვერ შესძლოს
წვიმამ.
დასაწყისი არ მაფიქრებ ზამთრის –
როგორ შევხვდები ზამთრის დასასრულს?!
ვაი, თუ ისევ დავობდე სახლში,
რომ ცეცხლთან მჯდომი
დავხვდე გაზაფხულს,
მე მეშინია შენი – შენს გამო,
არა თებერვლის ცივი ქარების,
გავიღვიძო და აღარ ვეწამო,
არ მომწყურდე და არ მეყვარები.
გავიღვიძო და მთათა კალთებზე
აღარ მიცდიდნენ ლეგა ნისლები,
იქნებ სჯობია,
აღარ გავთენდე,
მოვკვდე და
ნუღარ გარდავიცვლები.
არ მინდა შენი ჭკნობა ვიხილო,
ვიხილო შენი დაშლა ფერებად,
ჩემს მერე შენთან მოვა
სიკვდილი
და მკერდზე ცივად მოგეფერება.
დაზამთრდა…
თოვლი არც ისე მიკვირს,
არც ეს სიცივე –
სისხლში რომ ატანს,
მე მეშინია ამ ატმის კვირტის –
გაზაფხულდეს და
ვერ გახსნას მარტმა.

 

ბათუ დანელია – ამას დავწერ და თოვლი წამოვა 

ამას დავწერ და თოვლი წამოვა –
გაიხსნებიან ღრუბლის ფუთები…
და შენ და მე და ღმერთი – სამივე
ერთმანეთს ისევ ჩავეხუტებით…

ამას დავწერ და თოვას დაიწყებს
და დღე ღამის ჯავრს შეჭამს ვეებას…
და ჯვარს მიწასთან ზეცა დაიწერს
და ჩვენ გვაქცევენ მეჯვარეებად…

და ზეცისა და მიწის ქორწილი
აგვაწევინებს მაღლა თამასებს…
და თოვლი შიშველ სულზე ხორცივით
შეგვესხმევა და გაგვალამაზებს…