16 დეკემბერი, 2019

ხელოვნების სასახლის უდიდესი წარმატება

ხელოვნების სასახლის უდიდესი წარმატებახელოვნების სასახლის საერთაშორისო წარმატება ყველა იმ ადამიანს გაახარებს, ვინც საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დიდი გულშემატკივარია.
ხელოვნების სასახლე ევროპის საუკეთესო მუზეუმის ნომინანტთა შორის დასახელდა.

გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორი:

“ქართული სამუზეუმო კულტურის კიდევ ერთი დიდი აღიარება!

ხელოვნების სასახლე ევროპის საუკეთესო მუზეუმის ნომინანტთა შორის დასახელდა!

2019 წლის 21-23 ნოემბერს ქალაქ პორტიმაოში (პორტუგალია) გაიმართა ევროპის მუზეუმების ფორუმის ყოველწლიური პრემიის კონკურსის – „EMYA”-ს ჟიურის სხდომა, რომელზეც ევროპის წლის საუკეთესო მუზეუმის პრემიის ნომინანტთა შორის საქართველოს ხელოვნების სასახლეც დასახელდა.

EMYA-ს კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოების ცერმონიალი გაიმართება 2020 წლის 2 მაისს, ევროპის მუზეუმების ფორუმის ყოველწლიურ კონფერენციაზე დიდი ბრიტანეთის ქალაქ კარდიფში, უელსის ეროვნულ მუზეუმში.

ევროპის მუზეუმების ფორუმი/European Museum Forum წარმოადგენს ევროპის კონტინენტის წამყვან სამუზეუმო ინსტიტუციას,რომელიც ხელს უწყობს ევროპის მუზეუმების განვითარებასა და პოპულარიზაციას სამუზეუმო საქმეში ინოვაციური მიდგომებისა და მუზეუმის პროფესიონალთა შორის საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარების მხარდაჭერით.

EMYA (European Museum Year Award) – ევროპის წლის მუზეუმის პრემია 1977 წელს დაწესდა ევროპის საბჭოს ეგიდით და მიზნად ისახავს მოწინავე გამოცდილების გამოვლენას და აღიარებას ევროპის სამუზეუმო სივრცეში, ხელს უწყობს ევროპის მუზეუმებში დაცული კოლექციებისა და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას და ზოგადად, ინოვაციური პროცესის განვითარებას სამუზეუმო სამყაროში.

ამ დიდ აღიარებას ვულოცავ მუზეუმის მთელ კოლექტივს, ყველას დიდი მადლობა!