20 დეკემბერი, 2019

ჯაბა კილაძე დანაშაულს აღიარებს

ჯაბა კილაძე დანაშაულს აღიარებსთავისუფალი თეატრის მსახიობი ჯაბა კილაძე საჯაროდ თავის წილ დანაშაულს აღიარებს და  ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე უზუსტეს განმარტებას აკეთებს:

„ყველაზე მძიმე, რაც ვნახე ამ ყველაფრის მერე იყო ის, რომ სტატუსად „აშეარებს“ ყველა „ამ ცხოვრების დედაც“, ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, ეს ცხოვრება არის მშვენიერი, უბრალოდ, ჩვენ, ადამიანები, არსებული დღეს, ვქმნით ამ არსებულ ცხოვრებაში საშინელ გარემოს.

ცუდ შედარებას მოგიყვანთ: ეს ზუსტად იგივეა, რომ თბილისი ძალიან ლამაზი ქალაქია, გამწვანებული, ჰაერი არის, მაგრამ ის ავტოპარკი, რაც აქ თბილისში დადიოდა და არა მარტო თბილისში, აბინძურებდა ქალაქს იმ გამონაბოლქვით.

ზუსტად იგივეა ჩვენი ყოველდღიური აგრესია, ერთმანეთის ლანძღვა, დაუმთავრებელი ხელის გაშვერა ერთმანეთისკენ და ჩაქოლვა… ისეთივე ავტომობილები ვართ და ისეთივე შავ ბოლს ვუშვებთ, როგორც ის მანქანები წამლავენ ჰაერს.

ამის პასუხი იცით რა არის? ჩვენ არაფერი არ მოგვდის, ჩვენზე, დიდებზე ეს არ მოქმედებს, ეს აისახება ბავშვებზე, რომლებზეც არც კი ვფიქრობთ რას ვახვედრებთ. ჩემთვის მთავარია, რომ დღეს მე შეგაგინე, მერე შენ შემაგინე, ახლა მე მოვიფიქრებ ხვალ რა შეგაგინო, მაგრამ ის, რომ 14-15 წლის ბავშვები ამ ყველაფერს უყურებენ?! ჩვენზე ბევრად კარგი თაობაა, იმიტომ რომ მათ გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვთ სამყაროზე, ხედავენ, რომ სხვა დანარჩენი სამყარო ცხოვრობს და ჩვენ ამ ადამიანებს არ ვაცლით ცხოვრებას.

მე მაგ ასაკის შვილი მყავს, 14 წლის არის და 24 საათი ჩემს შვილს ვუსმენ, ჭკუას კი არ ვარიგებ, ვუსმენ და მაინტერესებს მისი პრობლემა. იცით, რომ მათმა თაობამ არ იცის ქვეყანა საით მიდის, ვერ ხვდება, სწორედ ეს იწვევს საბოლოო ჯამში ნიჰილიზმს და იქამდე მისვლას რომ “ამ ცხოვრების დედაც”.

არსებობს არაჩვეულებრივი პიესა “რომეო და ჯულიეტა”. რომ მოვხსნათ რომეოს და ჯულიეტას რომანტიზმი და სიყვარულის ამბავი, რა დაგვრჩება? მონტეგები და კაპულეტები – ეს არ არის ორი გვარი და ორი ოჯახი, ეს არის ორად გახლეჩილი საზოგადოების მაგალითი, სადაც რომელია მართალი? კაპულეტი თუ მონტეგი, ვერ იტყვით, მაგრამ მთავარია შედეგი. ამ სოციუმის შედეგი არის ის, რომ ესენი არიან მკვლელები, იმიტომ რომ სწორედ მათი გაუგებარი მიზეზის გამო, ვინ იყო დამწყები ამას არ აქვს მნიშვნელობა, მოკვდა ორი ანგელოზი, მხოლოდ იმიტომ, რომ უფროსებმა რაღაც ვერ დაალაგეს. არც რომეოს და არც ჯულიეტას არ აინტერესებს დედამ და მამამ რატომ იჩხუბეს. მე მინდა ცხოვრება, მინდა გნახო, მოგეფერო, მიხაროდეს გარეთ სიარული… და როგორ უნდა მიხაროდეს გარეთ სიარული, რაც ხდება დღეს?

ამაში დამნაშავე ვართ ყველა – მეც, თქვენც და ყველა, ვინც ყოველდღე ვილანძღებით და ვანთხევთ ღვარძლს.”