ასეთია საახალწლო წყევლა

ასეთია საახალწლო წყევლაწყევლა მაწყევარისააო – ასე ამბობდნენ ჩვენი წინაპრები. “საახალწლო წყევლა” კობა ჭუმბურიძის ლექსია, რომელსაც ნაცნობებს და უცნობებს უგზავნის:

“ისმინე უცნობ-ნაცნობო,
ეს წყევლა-კრულვით ნათქომი:
ასი დოლარი დაგიჯდეს
დღეში იახტის სადგომი.

7 ქალ-ვაჟი გესიოს,
დამწიფებამდე სარჩენი,
ყოველდღე 7 ვედროთი
გაგქონდეს საჭმლის ნარჩენი.

შენი მოვლილი ბოსტანი
გაქელოს ოქროს ბოლიდმა,
ხოლო „ჟიგული“ დატკეპნოს
ალმასის მეტეორიტმა.

სააგარაკე ნაკვეთი
აგყროლებოდეს ნავთობით,
სიქა გაგცლოდეს ცისმარე
ქეიფითა და გართობით.

სიდედრი რომში გაგექცეს,
იქ გახდეს პრივატ-დოცენტი,
ბენზინში გეხარჯებოდეს
ხელფასის სამი პროცენტი.

ოთახი გქონდეს იმდენი,
ხვეტას ვერ აუდიოდე.
ხოლო ხელფასის დათვლისას
დაღლილობისგან ჰკიოდე.

ემოციებმა დაგახრჩოს,
ისეთი ბედი გწეოდეს,
ჯიპიც იმხელა გაჩუქონ,
ფარეხში არ ეტეოდეს.

რაც მოგაწყევლე, ამჯერად
იკმარებს, ასე მგონია…

წყევლა მაწყევარს მისდისო
– საცხანა გამიგონია.”