უპატრონოდ მიგდებული ქართული კინო ბელორუსში

უპატრონოდ მიგდებული ქართული კინო ბელორუსშიბელორუსში ქართული კინო და ქართველი კინემატოგრაფისტები საქართველოს საელჩომ უპატრონოდ მიაგდო.

მინსკში გამართულ საერთაშორისო კინოფესტივალზე “LISTAPAD” – “ფოთოლცვენა” ქართველებმა 6-დან 4 ჯილდო აიღეს, დაჯილდოვების ცერემონიალს კი საელჩოს არც ერთი თანამშრომელი არ დაესწრო, რამაც რეჟისორ რუსუდან გლურჯიძის სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია:

“ცოტა უნდა ვიწუწუნო… ბელორუსიაში საქართველოს საელჩომ გამაოცა…

3 ქართული ფილმი იყოს ქვეყნის მთავარი კინოფესტივალის ძირითად საკონკურსო პროგრამაში, ამდენი ქართველი კინემეტოგრაფისტი – მსახიობები, რეჟისორები, პროდიუსერები.

6-დან 4 ჯილდო მიიღოს ქვეყანამ: საუკეთესო სცენარი – დიმიტრი მამულიას ფილმი „ბოროტმოქმედი“; საუკეთესო მსახიობი ქალი – სალომე დემურია დიმიტრი ცინცაძის ფილმისთვის „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“; საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – ლევან გელბახიანი ლევან აკინის ფილმისთვის „და ჩვენ ვიცეკვეთ“; საუკეთესო მუსიკა – დიმიტრი მამულიას ფილმი „ბოროტმოქმედი“ და არცერთი თანამშრომელი არ დაესწროს ფესტივალის დახურვას. სხვა რამეზე აღარც ვსაუბრობ…

ჩნდება კითხვა – რატომ? სხვა რა საქმე გქონდათ ასეთი გადაუდებელი? რატომ გაგვემიჯნეთ ასე მწარედ? მინსკის რიგით ოცდამეექვსე საერთაშორისო კინოფესტივალზე ერთი კვირის განმავლობაში 50 ქვეყნიდან 154 ფილმი უჩვენეს.”