5 ნოემბერი, 2019

სპექტაკლი-აქცია მოზარდ მაყურებელთა თეატრში

სპექტაკლი-აქცია მოზარდ მაყურებელთა თეატრში8 და 9 ნოემბერს 19 საათზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიულ თეატრში სპექტაკლის „სარა ბარა ბზია ბზბოიტ ანუ მე შენ მიყვარხარ“ პრემიერა შედგება.

„ომი სამუდამოდ რომ დამთავრდეს, ყველამ ჩვენი მიცვალებულები უნდა გავუშვათ ჩვენგან. გავათავისუფლოთ მათი სულები ამ მძიმე ტვირთისგან. უნდა დავივიწყოთ ყოველი ნასროლი ტყვია, ნაცარტუტად ქცეული სახლი, დაღვრილი სისხლი. მძიმე, მაგრამ საჭირო ნაბიჯის გადადგმაა საჭირო, რათა ცოცხლებმა ცოცხლების შეყვარება შევძლოთ.“

“სარა ბარა ბზია ბზბოიტ ანუ მე შენ მიყვარხარ“ – არ არის წარმოდგენა კლასიკური გაგებით, ეს უფრო სპექტაკლი-აქციაა, აფხაზურ-ქართულ ურთიერთობებზე საუბრის წამოწყების, მცდელობა მყარად გამჯდარ დამოკიდებულებათა გადაფასების.

სპექტაკლში განსაკუთრებულ როლს თამაშობს მუსიკა, სიმღერა და ქორეოგრაფია. სიყვარულზე, წარსულზე, მომავალზე, ტრადიციასა და თანამედროვეობაზე სპექტაკლის შემქმნელები არ ცდილობენ, მაყურებელს თავს მოახვიონ საკუთარი პოზიცია, გაარჩიონ მტყუან-მართალი, არ იძლევიან გადაჭრის მზა რეცეპტებს.

„სარა ბარა ბზია ბზბოიტ ანუ მე შენ მიყვარხარ“ პიესის ავტორები არიან დიმიტრი ხვთისიაშვილი და ანა მირიანაშვილი, დამდგმელი რეჟისორი – დიმიტრი ხვთისიაშვილი, დამდგმელი მხატვარი – ლომგულ მურუსიძე, კომპოზიტორი და ლოტბარი – დავით მალაზონია, ქორეოგრაფი – გია მარღანია, ვიდეო პროექცია – ლევან გვაზავა.
სპექტაკლში მონაწილეობენ ნინო ანდრიაძე, ნათია კუპატაძე, თამარ მამულაშვილი, თამარ ჭანუყვაძე, ია ჭილაია, ნელი ჯავახიშვილი, რატი გოგუაძე, ნიკოლოზ კვანტალიანი, გიორგი მაისურაძე, ნიკა ნანიტაშვილი, გიორგი ყორღანაშვილი, ნუგზარ ყურაშვილი, კახა ჭოლაძე და ვამეხ ჯანგიძე.

თეატრალური პროექტი განხორციელდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ასევე სახელმწიფო ენის დეპარტამენტის დახმარებით.

სპექტაკლის ხანგრძლივობა 1 საათი და 10 წუთი.