რეზო ჩხეიძის განსაკუთრებული ისტორია

რეზო ჩხეიძის განსაკუთრებული ისტორიაკინორეჟისორ რეზო ჩხეიძის ცხოვრების გზა ია-ვარდით მოფენილი არ ყოფილა. მისმა ოჯახმა ბევრ სირთულეს გაუძლო.

ხელოვანის მეხსიერებაში კი განსაკუთრებულად ჩაიბეჭდა ერთი ისტორია, რომელიც 1937 წლის უმძიმეს პერიოდს შეეხება და მას რეჟისორი დიდი სევდით იხსენებდა:

“37-ში მამაჩემი ღამით წაიყვანეს ჩეკისტებმა.

დავრჩით სტუდენტი დედაჩემი და სამი შვილი.

გათენდა. დედამ „სკოლაში წადით. არავის ეგონოს დავგლახავდითო.”

მივედი სკოლაში და ველოდები, ახლა გამკიცხავენ, კრებას მომიწყობენ, როგორც ხალხის მტრის შვილს, ვზივარ გატრუნული, შეშინებული პატარა ბიჭი.

შემოდის დირექტორის მდივანი:

– რეზო ჩხეიძე არის? დირექტორი იბარებს!

წავყევი და შიში მიპყრობს.

შევედი თუ არა კაბინეტში, ჩემი დირექტორი წამოდგა ადგილიდან, გამოიქცა, გულში ჩამიკრა და მეუბნება :

– რეზო, შენ როგორც სწავლობდი, ისე გააგრძელე სწავლა. ნურაფრის გეშინია. შენ ვერავინ გაწყენინებს და დაგჩაგრავს, სანამ მე აქ ვარ… ოღონდ კარგად ისწავლე!“

გავიმართე წელში და გამოვედი ისე კაბინეტიდან.

ეს ქალი თამარ დახუნდარიძე იყო. მესამე სკოლის დირექტორი…

სამი წლის წინ ვიყავი ქუთაისში მის საფლავზე. წარწერას რომ დავაკვირდი, მივხვდი რომ მაშინ, 37-ში ჩემი დირექტორი მხოლოდ 26 წლის იყო…”