25 ნოემბერი, 2019

ყოველდღიურად წასაკითხი დავით გურამიშვილისგან

ყოველდღიურად წასაკითხი დავით გურამიშვილისგანპოეტ დავით გურამიშვილისგან დატოვებული მისი შემოქმედება თავისუფლედა შეიძლება იწოდოს ყოველდღიურად წასაკითხ ლიტერატურად.

დღეისთვის კი მისი “დავითიანი” რაც შეიძლება ხშირად უნდა ვიკითხოთ, რომ არ დაგვავიწყდეს ის მთავარი საზრუნავი, რაც თითოეული ჩვენთაგანისთვის უმთავრესია:

“ქართლის ჭირსა ვერვინ მოსთვლის, თუ არ ბრძენი, ენა-მჭევრი!
იფქლი ღვარძლად გარდაიქცა, ზედ მობრუნდა ცეცხლის კევრი.
ერთმან მტერმან ათს მათსა სცის, ორმან წარიქცივის ბევრი,
მცირედ დარჩა ცოდვისაგან კაცი ღვთისგან შენაწევრი.

თურქი, სპარსი, ლეკი, ოსი, ჩერქეზ, ღლიღვი, დიდო, ქისტი,
სრულად ქართლის მტერნი იყვნენ, ყველამ წაკრა თვითო ქიშტი!
მერმე შინათ აიშალნენ, ძმამ მოუდვა ძმასა ყისტი;
თავის თავსა ხმალი იცეს, გულთა მოიხვედრეს ხიშტი!

ვით მამალი სხვის მამალსა დაჰმტერდეს და წაეკიდოს,
მას სცემოს და თვით იცემოს, დაქოჩროს და დაეკიდოს,
რა ორნივე დაღალულნი ძაღლმან ნახოს, პირი ჰკიდოს, –
ეგრეთ ქართლი და კახეთი დარჩა თურქთა, ლეკთა, დიდოს!

ამ ამბის თქმა გარჩევითა გულმან ამად არ მინება,
ბევრი ავი გამოჩნდების ჩვენი, მაზე მერცხვინება.
მტერს შაესმის, იამების, მოყვარეს კი ეწყინება.
რასაც ახლა ვამბობ, ვგონებ, ამაზედაც მხვდეს გინება.

ტყუილი ვჰთქვა, ჩემი თქმული შეიქნების რა სავარგი?
მართალი ვჰთქვა, მეშინიან, ვა, თუ გავხდე დასაკარგი!
კაცს მის მეტი არა აქვს-რა სიკვდილს უკან თან საბარგი,
სულს მიუძღვის ხორცთ ნაქნარი: ავსა ავი, კარგსა კარგი.

აწ რომ ავი არ ვაძაგო, კარგი როგორ უნდა ვაქო?
ავს თუ ავი არ უწოდო, კარგს სახელად რა დავარქო?
კარგს კაცს ვითარ დაუკარგო, რაც რამ სიკარკაცე აქო?
ავს კაცს კარგი ვით უძებნო, ორმოს ჩამსვა, თავს დამარქო?!

მართალს ვიტყვი, შევიქნები ტყუილისა მოამბე რად?
ვერას უქებ საძაგელთა, უფერულთა პირ-საფერად.
მე, თუ გინდა, თავიც მომჭრან, ტანი გახდეს გასაბერად,
ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად.

მართალია, მძრახველს ძრახვა თვით კი ავად მოუხდების,
მაგრამ ფარვა სიავისა ქვეყანას არ მოუხდების!
წამხდენელთა და მბაძველთა კიდევ სხვაც რამ წაუხდების;
ძრახვავე სჯობს საძრახავთა, ძრახვას კაცი მოუფთხვების.

რა გინდ რომე კაცმან მალოს, ჭირი თავსა არ დამალავს,
ვერ გაუძლებს რაც კაცს სენი გულსა უკოდს, სჩხვლეტს და მსჭვალავს.
სხვის არ მკრძალავს რად ემდურის, ვინც თავის თავს არა ჰკრძალავს,
თვით ვერ ხედავს, სხვის საჭვრეტლად, თუ არ უნდა, პირს რად ჰკალავს?

მე კი ვჰფარავ, მაგრამ ჩემი სატკივარი არა ჰფარავს;
მეტად მწარედ გული მტკივა, მაჟრჟოლებს და ტანში მზარავს!
ვერ მოვითმენ, რომ არ დავგმო, აღმა მხვნელსა, დაღმა მბარავს,
ჩემი ცოდვამც მისცემია ჩემს ამამთხრელს, ამამბზარავს!

კახელების აღმა ხნულნი ქართველებმა დაღმა ფარცხეს,
უწინდელი გათხუნვილი დარჩა კაბდო, აღარ გარცხეს;
ძმამ ძმას სახრე გარდუჭირა, მტერთ კობალი თავში დასცხეს,
ორნივ ერთად შეხრინკულნი დასცეს ქვეყნად, დაანარცხეს.

უკუღმართად ხვნა და ფარცხვამ ეს ნაყოფი გამოიღო:
მოგვითხარა ქართლ-კახეთი, ძირ-ფესვიან ამოიღო!
თარჯ-თომრიან ჯიღოანნი გაგვიხადა, ქმნა უჯიღო!
მხამს გიტყებდე მეფის ბიღით, ვარსამისა სავსე მჯიღო.”