13 ნოემბერი, 2019

პაოლო იაშვილის და სერგეი ესენინის განსაკუთრებული ამბავი

პაოლო იაშვილი - ნამდვილი ვაჟკაციპოეტების პაოლო იაშვილისა და სერგეი ესენინის განსაკუთრებული ამბავი მთაწმინდაზე 1924 წელს მოხდა.

თბილისში ჩამოსულ რუს პოეტს გვერდიდან არ მოსცილებიან ,,ცისფერყანწელები” – მოატარეს ქალაქი, გოგირდის აბანოები, დუქნები, მცხეთა…

თუმცა ამბავი, რომელიც მათ მთაწმინდაზე შეემთხვათ, ნამდვილად გამორჩეულია. მას იმხანად რადიოკომიტეტის ცნობილი კორესპონდენტი ლიტერატურისა და ხელოვნების ხაზით ნიკოლაი სტორი იგონებდა:
“ნელი ნაბიჯით ავუყევით ვიწრო გზას მთაწმინდისაკენ. გზაზე მაწვნის, ყვავილებისა და ხილის გამყიდველები გვხვდებოდნენ, ვაჭრები დატვირთულ ვირებს მოერეკებოდნენ…

ეკლესიასთან, რომელიც მიჰკვროდა მთას, წყარო იყო და ადამიანები რიგ-რიგობით მასთან მიდიოდნენ, იღებდნენ იქიდან პატარა, თხელ კენჭს და ეკლესიის კარისკენ მიემართებოდნენ.

– რას აკეთებენ? – იკითხა ესენინმა.

– ასეთი წესია, თუ აიღებ პაწაწინა კენჭს და ეკლესიის კარზე თითით მიაწვები და მერე მოაშორებ, კენჭი რაღაც პერიოდით კარზე ჩერდება, რამდენჯერაც დაითვლი, იმდენ ხანსღა იცოცხლებ, – უთხრა ტიციანმა.

– საინტერესოა, – ხმამაღლა გაიცინა ესენინმა, – ვნახოთ, რამდენი დამრჩენია…

მან აიღო კენჭი და თითით მიაჭირა კარს. შემდეგ ხელი აიღო და თვლას შეუდგა.

– ერთი… – კენჭი ჩამოვარდა. ყველამ გადაიხარხარა.

– ახლა მე ვცდი, – თქვა პაოლომ. აიღო კენჭი და ძალის დაუშურვებლად ეკლესიის კარზე მიაჭირა

– ერთი… ორი… ცამეტი…

ცამეტი წლის მერე პაოლო იაშვილი აღარ იყო ცოცხალი, სერგეი ესენინი კი ერთი წლის მერე გარდაიცვალა… არ ვიცი, ეს დამთხვევა იყო თუ ბედისწერა, თუ რიცხვ 13-ის მაგია…”