ნიკოლოზ საბაშვილი: “ეს არის მკვლელობა!”

ნიკოლოზ საბაშვილი: "ეს არის მკვლელობა!"თბილისის თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ნიკოლოზ საბაშვილი მკვლელობას უწოდებს იმ ინფორმაციას, რომელიც მასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელდა:

“გააზიარეთ რათა ყველამ გაიგოს. ეს ადამიანი არის ნიკოლოზ საბაშვილი, რომელიც არაბულ ბარებს ქართველი ბავშვებით ამარაგებს. ის დადის სოციალურად დაუცველ ოჯახებში და 15-16 წლის გოგოებს მიმტანად მუშაობის დაწყებას სთავაზობს. რეალურად, ამ ბარებში არაბი კაცები ქართველ გოგოებთან სექსუალური ურთიერთობის დასამყარებლად დადიან. ამ გაჭირვებულმა ბავშვებმა, რეალურად არ იციან ფულის სანაცვლდოდ რისი გაკეთება მოუწევთ.

ამ არაბების მონამ იცის როგორ ისარგებლოს მცირეწლოვანი გოგოების გულუბრყვილობით. ბავშვები ჰყავთ გამოჭერილი, იციან, რომ ამ ისტორიას შიშით ვერავის გაუმხელენ.

ეს არ არის ერთეული შემთხვევა აშკარაა, რომ ეს არის სისტემა, რომელშიც უამრავი ადამიანია ჩართული. ეს უსინდისო, ფულის სანაცვლოდ გაჭირვებული ბავშვების გახრწნაში იღებს მონაწილეობას.

გააზიარეთ რათა ყველამ იცოდეს ეს ისტორია! რათა ვეღარ მოატყუნონ ჩვენი შვილები!”

აღნიშნულ განცხადებას რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილი გამოეხმაურა:

“მაპატიეთ, აქამდე ვერ გამოვეხმაურე ჩემს მიმართ ცილისმწამებლურ და ცრუ ინფორმაციას, ვერ ვიტყვი რომ არ იმოქმედა ამ ყველაფერმა, მეტსაც გეტყვით, შემზარა კიდეც, თუმცა ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამის დამწერი გამომჟღავნდეს.

საქმე ჩემს ლანძღვა გინებას და წყევლას არ ეხება, მე მეტსაც ავიტან და ბევრი ტალახის სროლაც ამიტანია, ღმერთმა შეუნდოთ ყველას ვინც ასე იქცევა, თუმცა მართლა საშიში ყოფილა სოციალური ქსელის დაუცველობა.

იმედი მაქვს, გამოძიება სწრაფად წარიმართება და გაირკვევა ამ სიბინძურის ავტორი. ეს არ არის ცილისწამება, ეს არის მკვლელობა, რომ არა ჩემ გვერდით მდგომი ადამიანები, შეიძლება მართლა გადავყოლოდი ამ ამბავს.

ვრცლად მოგაწვდით ინფორმაციას აზრზე რომ მოვალ… მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის.”