ნიაზ დიასამიძის წინასწარმეტყველური ისტორია

ნიაზ დიასამიძის წინასწარმეტყველური ისტორიათბილისის კოლორიტის ნიაზ დიასამიძის იუმორი თაობიდან თაობას გადაეცემა, თუმცა მის ცხოვრებაში იყო ერთი განსაკუთრებული ისტორია, რომელიც წინასწარმეტყველური აღმოჩნდა.

ამ ამბავს გია ლეჟავა იხსენებდა:

“გამთენიისას ვნახე, ორი თვით ადრე გარდაცვალებიდან. ყაყაჩოები შემოდიოდა, გაზაფხულის სუნი იდგა მთელს ვერის უბანში. ასეთ დროს სახლში ვერ ვჩერდებოდი, სულ გარეთ მინდოდა ყოფნა. გვიან საღამოს დავემშვიდობე შოთა ჩანტლაძეს და ავთო ვარაზს. ისინი სახლებში წავიდნენ. მე ქუჩაში დავრჩი. მთელი ღამე ვიწრიალე უბანში, შინ არ შევსულვარ…

უკვე თენდებოდა. ქუჩის ძაღლებმა სუნსულს უმატეს. ვინატრე: ნაცნობი მაინც გამოჩნდეს-მეთქი. შოთას უყვარდა ადრიანად გამოსვლა, ავთოსაც. ვხედავ, ნიაზი ეშვება ბელინსკის ქუჩიდან, არც ველოდი, დამინახა. გახარებულმა ხელები გაშალა: “ვა, როგორ გამახარე, უნდა დავურტყათ, ირაკლი “ტრეტი” უკვე მოსული იქნებაო და ვერის ბაზრისკენ წავედით.
გამთენიისას, ვერის ბაზრის უკანა მხარეს ხშირად მოდიოდა ირაკლი “ტრეტი”. ჭაჭას ჰყიდდა. ბიჭებს უთენია, მაღაზიების გაღებამდე ის უმასპინძლდებოდა. თავისებურად კეთილი იყო ირაკლი “ტრეტი”. მომპასებსაც წამოიმძღვარებდა ხოლმე დასაყოლებლად. კანფეტს ისე, უფასოდ გვაძლევდა, თუმცა არაყიც ბევრჯერ დაგვილევია მისგან მუქთად. ფული არც მე მქონდა არც ნიაზს.

ცოტა ხანს ვიყურყუტეთ და ირაკლიც გამოჩნდა. დავლიეთ. მერე ნიაზმა მითხრა: მოდი, ავთო გავაღვიძოთო და პეროვის (პეროვსკაიას) ქუჩაზე გავედით. შევძახეთ მეც, ნიაზმაც. მაგრამ ავთო არ გამოგვპასუხებია. ვუთხარი: მე ვიცი როგორ გავაღვიძოთ-მეთქი, და ამერიკულ კინოფილმ “ლილიდან” მელოდია დავსტვინე. ავთოს ძალიან უყვარდა ეს მელოდია. გაიღვიძა. ჩამოდი-მეთქი, ვთხოვეთ. რას კისრულობთო, – გვკითხა. ჩამოდი, არ გაწყენინებთო, უთხრა ნიაზმა. ჩამოვიდა. მივბრუნდით ირაკლი “ტრეტისთან”. დიდი მხატვარი მოგიყვანე, დაპატიჟე, მალე ჰონორარს ავიღებ და ერთი-ათად გადაგიხდიო, – უთხრა ირაკლის.

რაც შენთვის არ დამნანებია, არც მაგისთვის დამენანებაო, – უპასუხა ირაკლიმ და ავთოს ორი ჭიქა ახუხა.
წამოვედით. ავთოს ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა. “სამაიას” ლუდხანამდე მივედით. ავთომ იქიდან თავის ქუჩას გახედა, უკვე კარგა გათენებულიყო. აი, ნახეთო, წამოიწყო: იცით, როგორ მიყვარს პეროვის ქუჩა, ჯერ ერთი, რომ ჩემი ქუჩაა, და მეორეც იმიტომ, რომ უტრილოს ნახატს ჰგავსო. მორის უტრილო – ფრანგი მხატვარი გაიხსენა. გმადლობთო, გვითხრა, მოგვიბოდიშა: ახლა დაგტოვებთ, ბიჭებო, ავუსწრებ სახლში სანამ დილაა, ჩემი ქუჩის დახატვა მინდა ამ შუქზეო და გაგვშორდა.

ნიაზმა მთხოვა, წამომყევი ერთ ადგილას, დედაჩემი მომენატრაო. ვიცოდი მშობლები აღარ ჰყავდა. მივხვდი, ვაკის სასაფლაოზე მიუწევდა გული. ფეხით ვიარეთ. იქვე, გზად ყაყაჩოები დავკრიფე. საფლავზე დავაწყე.

გარინდებული იდგა ნიაზი. ხმა არ ამოუღიოა. რომ იტყვიან, დანა არ უხსნიდა პირს. ამასობაში დღეც წამოვიდა და უკან გამოვბრუნდით. ჩუმად იარა. არც მე გამიცია ხმა. მივაღწიეთ ვერის (მაშინდელ კიროვის) პარკამდე.

ახლა ეკლესიაში შემომყევიო, ისევ მთხოვა. ეკლესია უკვე გაეღოთ, ხურდა ფული კი გვქონდა. თითო სანთელი ავანთეთ. მითხრა: ხატებს შევხედავ, შენ აქ დამელოდე და სულ მალე გამოვალო. შევიდა ეკლესიის სიღრმეში. კარგა ხანს ველოდე. შემდეგ მეც შევედი. მარჯვენა სვეტთან, ღვთისმშობლის ხატქვეშ მუხლებზე იდგა ნიაზი და აცრემლებული ბუტბუტებდა: – დედავ და მამავ, სულ მალე მოვალ თქვენთანო, ეს გავიგონე და გამოვბრუნდი.
მუდამ მომღიმარი და იუმორით სავსე კაცი პირველად ვნახე ატირებული. მერე მივხვდი: ის ხშირად ტიროდა, რადგან ხშირად რჩებოდა მარტო. ასე მენიშნა. ეკლესიის სიღრმიდან მალევე გამოვიდა, ნამტირალევი თვალები კი ჰქონდა, მაგრამ იღიმებოდა. ისევ იმ ნიაზად გარდაიქმნა. კვლავ ბაღში გავედით. იქ უკვე მოსულიყო ფარნა მერკვილაძე, გიტარით ხელში. ზოსიმეც და ერთი-ორი პატარა ვერელი ბიჭი.

აქ დავემშვიდობე და წამოვედი. ეს იყო ჩემი და ნიაზის უკანასკნელი შეხვედრა.”