3 ნოემბერი, 2019

ლელა ანჯაფარიძის საიდუმლო ცირკულარული წერილი

ლელა ანჯაფარიძის საიდუმლო ცირკულარული წერილილელა ანჯაფარიძის საიდუმლო ცირკულარული წერილი ერთ-ერთია იმ ჩანაწერებიდან, რომლებსაც იგი სოციალურ ქსელში აქვეყნებდა.

“ძალიან დილა მშვიდობისა” – ასე იწყებოდა ყოველი დღე მისი საოცრად საინტერესო ჩანაწერებთან ერთად.

ლელა ანჯაფარიძე რეჟისორ ჯემალ ანჯაფარიძის შვილი და ოპერის მომღერლის ზურაბ ანჯაფარიძის ძმისშვილი იყო. ყველა, ვინც მის ჩანაწერებს კითხულობდა, კარგად იცნობდა მის ჯემალიკოს, დედაჩკას, ალე ბებიას და ზურიკოს…

ლელა ანჯაფარიძე გარდაიცვალა, თუმცა დაგვიტოვა ერთ-ერთი საყურადღებო ჩანაწერი “საიდუმლო ცირკულარული წერილი”, რომელსაც “არტინფო” გთავაზობთ:

“მახსენდება ის თბილისი, როდესაც
მის თავაზიან ქუჩებში
თუ შეიგინებოდა ვინმე,
მითუმეტეს, მანდილოსნის.
ან ბავშვის თანდასწრებით,
მას ან ბეთქავდნენ კარგას ან
უშვებდნენ,
რადგანაც დასმული ჰქონდა დიაგნოზი –
„გიჟია“….

თანაც, ამ დიაგნოზს
ისეთი თბილისელები ბიჭები უსვამდნენ,
ჭადრებიც კი რომ იხრებოდნენ მათ წინაშე,
პატივისცემის ნიშნად…
და ჰალსტუკებს სისხამ დილით
თბილისურად მოციმციმე მზე რომ უსწორებდა
კაცები იყვნენ და იმიტომ…

დღეს მე, „ხან დაზმული და ხან -არა“,
როგორც ბრძანა ბატონმა ბიძინა კვერნაძემ,
ვიხსენებ…

პირადად ჩემს ოჯახში მე გინება არ მსმენია…
ჩემს ოჯახს გეფიცებით…
ხომ იცით, ჯემალიკო იყო მოქეიფე და ხშირად
ნასვამი ან ძალიან ნასვამი
მოდიოდა სახლში…

მაგრამ ასოების „ტ“ და „ყ“-ს
კომბინაციას იყენებდა მხოლოდ ისეთ სიტყვებში,
როგორიცაა ტყე და ტყვეობა ან მაგალითად,
ტყიბული და ტყვარჩელი…
ოი, სარტყელი დამავიწყდა…

ზურიკო კი ძალიან-ძალიან რომ
გაბრაზებოდა ვინმეზე,
მხოლოდ მაშინ იძახდა
„დედას ვუტირებო!“

გამოვარდებდა ამ დროს
ალექსანდრა ბარათაშვილი და
„დედემისს რაღას ერჩიო?“
მერე ზურიკო ალეს აწყნარებდა და …
თვითონაც წყნარდებოდა…

დღეს ყველაფერი შეიცვალა…
ბილწსიტყვაობა ხდება
ქართული ენის ჩვეულებრივი
ატრიბუტიკა…
ნელ-ნელა ვეჩვევით
ყურს ისე აღარ გვჭრის …

ეს კი უკვე ერის ტრაგედიაა…

რამდენი ხანია ვთავაზობ საზოგადოებას,
მოვითხოვოთ კანონი, რომელიც
დააჯარიმებს იმ ხალხს, ვინც
უცენზურო სიტყვებს იხმარს ქუჩაში,
საზოგადოებრივ ადგილებში, სოციალურ ქსელებში…

მესმის, რომ ჩვენს ხელისუფლებას უამრავი
სხვა პრობლემა აქვს დღეს, მაგრამ
ხვალ გვიანი იქნება…

რუსეთში იყო ასეთი პრემიერ-მინისტრი,
ვიქტორ ჩერნომირდინი…
საკმაოდ განათლებული და ჭკვიანი, მაგრამ
სახალხოდ გამოსვლას მაქსიმალურად ერიდებოდა…
ზოგჯერ ისეთ რამეს იტყოდა, რომ…
ელცინი უცებ გამოდიოდა პახმელიიდან…

ბოლოს გაირკვა, რომ ჩერნომირდინი
ხანგრძლივი პერიოდის განმავობაში
ხელმძღვანელობდა უზარმაზარ ქარხანას და
მუშებთან ურთიერთობაში,
იყენებდა „ცუდ სიტყვებს –
„კარგად რომ გაეგოთ“…

მოსკოვში რომ გადაიყვანეს მაღალ თანამებობაზე,
საშინლად გაუჭირდა „ჩამჯდარი“
ლექსიკის ამოღება საუბრიდან…
ხშირად აკეთებდა პაუზებს,
„იმ“ სიტყვების გარეშე,
გამართულად რომ აეგო წინადადება…

ვერ ეშველა, ბოლომდე ასე დარჩა…

ხოდა, ჩვენც,
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ზრდილობიანი და
დახვეწილი ერი,
ასე რომ არ დავრჩეთ,
მოვიფიქროთ რამე ერთად…

ჩემო საყვარელო ფეისბუქელო ქალბატონებო და ბატონებო,
მე ერთ უბრალო იდეას გთავაზობთ…

მოდით, შევთანხმდეთ და აღარასდოს არ დავუშვათ
ის, რომ ჩვენ ლამაზად რომ შემოვდივართ ვირტუალურ სამყაროში,
“შემოსისინებულებმა“ ხასიათი გაგვიფუჭონ…
საიტის ადმინისტრაცია ფიზიკურად ვერანაირად ვერ
შეძლებს ყველა კომენტარის გაკონტროლებას და დავეხმაროთ…

ანუ, როგორც კი
დავინახავთ, რომ ადამიანი, მაპატიეთ,
უზრდელობს,
იყენებს უწმაწურ სიტყვებს, არაადექვატურია და ა.შ.

გავუკეთოთ სრული იგნორირება…
როგორც არ უნდა გვეწყინოს, გვეტკინოს,
არ გავაგრძელოთ პოლემიკა…

დავტოვოთ უპასუხოდ…

ხოდა რომ დარჩებიან ასე მარტო,

ერთმანეთში გაარჩიონ საქმე და
თავისი ნეგატიური ენერგია გადაინაწილონ…

ვიცი, ძნელია რაღაცეების მოთმენა, მაგრამ

როგორც ძველი ჩინური ანდაზა ბრძანებს –

„ერთხელ მოითმენ… ორჯერ მოითმენ და მესამეჯერ
შეეჩვევიო“…