28 ნოემბერი, 2019

ის, რაც ლევან გოთუაზე აუცილებლად უნდა ვიცოდეთ!

ის, რაც ლევან გოთუაზე აუცილებლად უნდა ვიცოდეთ!მწერალ ლევან გოთუაზე და მის შემოქმედებაზე ბევრი რამის დაწერა შეიძლება, თუმცა მათ შორის უმნიშვნელოვანესი საკითხები ლალი ბაქანიძემ გამოყო:

“რუსთაველის პროსპექტზე მომიტინგეთა გასათბობად დამწვარ წიგნებში ლევან გოთუას ,,გმირთა ვარამიც” იწვოდა…

ვინც არ იცით, იქნებ ახლა მაინც წაიკითხოთ და იქნებ მოინანიოთ კიდეც…

ლევან გოთუას რომანი ,,გმირთა ვარამი” ვორკუტის საბჭოთა კოლონიაში დაიწერა. ეს ცოტამ იცის!

ვიდრე იმას დავწერდე, როგორ პირობებში იქმნებოდა ეს რომანი და რა სასწაული მოახდინეს ქართველმა პატიმრებმა, რომ ამ წიგნს ჩვენამდე მოეღწია, ძალიან მოკლედ შევეხები თბილისიდან ვორკუტამდე მწერლის ურთულეს გზას:

ბევრმა არც ის იცის, რომ ლევან გოთუა დისიდენტი იყო და ამის გამო ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი, 22 წელი, პატიმრობაში გაატარა!

1921 წლის თებერვალში დამოუკიდებელ საქართველოში შემოჭრილ წითელ არმიას 16 წლის ლევან გოთუა ტაბახმელაში, კოჯორსა და უძოს მთის მიდამოებში მტერს რამდენიმე დღე ებრძოდა.

1924 წელს 20 წლის იყო, პირველად რომ დაიჭირეს, 7 თვეში გაათავისუფლეს, რამდენიმე თვეში, 1925 წელს ისევ დაიჭირეს და გადაასახლეს…

ლევან გოთუამ თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა ყველაზე სასტიკი რეჟიმის საბჭოთა საკონცენტრაციო ბანაკებში: იმიერპოლარეთში, სოლოვეცკის კუნძულებზე, სადაც ხელისუფლებისთვის განსაკუთრებით საშიშ პირებს – პოლიტიკურ პატიმრებს ათავსებდნენ.

მეორე გადასახლება ციმბირში, ნარიმის კოლონიაში გაატარა…

მესამე და უკანასკნელი გადასახლება კი 1946 წელს მოხდა. მწერალი დააპატიმრეს და 10 წლით ვორკუტის კოლონიაში გააგზავნეს.

გადასახლებიდან 50 წლის დაბრუნდა… 5 ქალაქში, მათ შორის თბილისში ცხოვრება აეკრძალა…

სწორედ ვორკუტის კოლონიაში ქართველი პატიმრების დახმარებითა და ხელშეწყობით დაიწყო მწერალმა ,,გმირთა ვარამის” წერა. გადასახლებაში ძალიან ძნელი იყო შემოქმედებითი მუშაობა, მაგრამ როგორც ერთ-ერთი ყოფილი ქართველი პატიმარი, თუში იორამ ქააძე იხსენებს:

,,ორმოცდაათი ქართველი ვიყავით ვორკუტის ბანაკში. მე წერა-კითხვა ძლივს ვიცოდი, მაგრამ ამ ქართველებში ბევრი იყო განათლებული, მათ შორის ერთი ჯაფარიძე, რომელმაც გვითხრა, ჩვენთან ძალიან დიდი მწერალი იხდის დაუმსახურებელ სასჯელს, როგორმე ვუპატრონოთ ამ კაცს, მივცეთ მუშაობის საშუალებაო.
ყველა ერთხმად დაეთანხმა. მაღაროში ორ თვეში ერთხელ გვიწევდა მის მაგივრად ჩასვლა – იმ დღეს ორ ცვლაში ვმუშაობდით. ლევან გოთუას კი უნდა ეწერა, მაგრამ რაზე? რითი? არც ქაღალდი ჰქონდა, არც საწერ-კალამი. ვისაც რა შეეძლო, ის მოჰქონდა: მუყაოს ნაჭერი, ხის კარის ნატეხი, ფიცრები… მელანი ტექნიკურ სპირტში გაცრილი ქვანახშირის შერევით დაუმზადეს, კალამი გამოუქლიბეს. ,,გმირთა ვარამის” წერა ამ ,,ფურცლებზე” დაიწყო…

1951 წელს ვიღაცამ მოუტანა ,,პრავდისა” თუ “იზვესტიის” შეკვრები ურიკით და გაზეთის არშიებზე შეუდგა წერას…

1953 წელს, სტალინის გარდაცვალების მერე, ბანაკში ქაღალდის შოვნა შესაძლებელი გახდა.”
დიდმა მწერალმა მთელი ნაშრომი გადაწერა, მაგრამ…

,,დაწერილის ბანაკის ტერიტორიიდან გამოტანა და გადმოგზავნა განსაკუთრებულ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული. დიდად დაეხმარნენ ვორკუტაში მცხოვრები პატიმრობამოხდილი ქართველები, რომლებიც იმავე მაღაროში მუშაობდნენ. მათ გამოჰქონდათ ხოლმე ნაწერი – ხშირად თითო ფურცლობით. მაგრამ მერე განიზრახეს დიდი მოცულობით გამოეტანათ. ამისათვის ასეთი ხერხი მოიფიქრეს. მაღაროების გასამაგრებლად მოჰქონდათ მორები. ზოგიერთი ,,პრარაბი” ამ მორებს მოსახლეობას მიჰყიდიდა ხოლმე. ლევანის ხელნაწერისათვის ასეთ მორებში სამალავი გააკეთეს – ამოჭრეს, ფურცლები ჩადეს, ზედ ისევ მორის ნაჭრები დააფარეს და ტალახით შეგოზეს. შემდეგ ეს ხე-ტყე ერთ-ერთმა ქართველმა შეისყიდა, სახლში რომ მიიტანა, ცოლი აუტყდა – კაცო, ეს მორები რაღად გინდოდა, ნახე რამდენი გვაქვსო. ის კაცი შესაფერის დროს ელოდა, რომ ხელნაწერი სამალავიდან შეუმჩნევლად ამოეღო, ამასობაში ცოლმა, რომელმაც არაფერი იცოდა, მორებს გაყიდვა დაუპირა. შეიძლება ითქვას, რომ ,,გმირთა ვარამის” ორიგინალი სულზე გადარჩა…

ამ ისტორიის მოსმენისას შეიძლება ითქვას, რომ ,,გმირთა ვარამი” ქართველების კოლექტიური ეროვნული თვითშგნების ნაყოფია, რომელიც დღეს, რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, დამოუკიდებელი საქართველოს უბირმა, სულიერად გაღარიბებულმა და დაცემულმა შვილებმა რუსთაველის პროსპექტზე დაწვეს, სადაც ერთი გონიერი ადამიანიც არ აღმოჩნდა, რომელიც ცეცხლს გამოსტაცებდა იმ რომანს, რომლის ჩვენამდე მოსაღწევად გადასახლებაში მყოფი ადამიანები საკუთარ თავისუფლებასა და სიცოცხლეს სწირავდნენ…

ხატმებრძოლობა, მკვრეხელობა, წიგნების კოცონი – ეს ის გზა არ არის, რომელიც ქვეყანას ჩიხიდან გაიყვანს! გეშინოდეთ ურწმუნოთა, უბირთა, სულიერად დაცემულთა მმართველობის! ადამიანების, რომელთა ეროვნული თვითშეგნება ნულს ქვემოთაა!”