4 ნოემბერი, 2019

დროა თვალი გავახილოთ! – ჯემალ ქარჩხაძის შეგონება

ჯემალ ქარჩხაძე: "გავბედოთ და ვთქვათ!"ჯემალ ქარჩხაძის ნაწარმოებებთან ერთად არანაკლებ საინტერესოა მისი პუბლიცისტური წერილებიც.

“მონოლოგი დიალოგიდან” – ასე ეწოდება პუბლიცისტურ წერილს, რომლის ამონარიდსაც “არტ ინფო” გთავაზობთ:

“…დროა თვალი გავახილოთ, იქნებ უფსკრულისკენ მივექანებით, ჩვენ კი, რაკი კუდაბზიკობა ამის გამხელის ნებას არ გვაძლევს, გვგონია, თითქოს საზეიმო დემონსტრაციაზე მივაბიჯებთ!

თუ ახლა არ შევჩერდით, თუ ახლა ბეჯითად, ღრმად და დაუნდობელი სიმართლით არ გავარკვიეთ, რა ჭირი გვჭირს, თუ ახლა ჩვენი შანსი – ვინ იცის, უკანასკნელი – არ გამოვიყენეთ, თუ ახლაც ვერ დავძლიეთ ჩვენი გულარხეინობა და ღვთისმოიმედობა, ხვალ ჩვენს ადგილას სხვა საქართველო იქნება – ვაჭრუკანა, ცბიერი, ხარბი, უვიცი.

ვისაც თვალი აქვს, არ შეიძლება ვერ ხედავდეს, რომ რაღაც გადაუბიჯებელ ზღვარს გადავაბიჯეთ და ფეხქვეშ ნიადაგი გამოგვეცალა. ჩვენი განთქმული პატრიოტიზმი ფარსად იქცა, ჩვენი ცნობილი თავმომწონეობა – თვალთმაქცობად, ჩვენი მომხიბლავი არტისტიზმი – ტაკიმასხარობად, ჩვენი ღირსეული სიამაყე – ბაქიაობად.

ჩვენ კვლავ მივადექით პროვინციალიზმის ჭაობს, საიდანაც მეცხრამეტე საუკუნის ტიტანური მეცადინეობის წყალობით ამოვედით. ჩვენმა ცრუმხატვრულობამ, ცრუპათეტიკამ, ცრუეროვნულობამ, ცრუპუბლიცისტიკამ, ცრუმორალმა ჩვენვე წაგვლეკა.”