დიმიტრი ყიფიანი ამას არ იმსახურებს

დიმიტრი ყიფიანი ამას არ იმსახურებსქართული ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული დიმიტრი ყიფიანის ბიუსტი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში სამარცხვინო მდგომარეობაშია. თეთრი მარმარილო გაშავებულია და სასწრაფო გაწმენდვას საჭიროებს.

1875–1879 წლებში თბილისის ქალაქის თავის – დიმიტრი ყიფიანის ბიუსტი მთაწმინდაზე მისსავე საფლავზე დგას.

1899 წლის 24 ოქტომბერს, ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, მთაწმინდაზე მამა დავითის ეკლესიის გალავანთან დიმიტრი ყიფიანის საფლავზე განსვენებულის ძეგლი აკურთხეს.

ძეგლი დამზადებულია მარმარილოსაგან და როგორც გაზეთი “ივერია” გვამცნობს, ბიუსტი ამოკვეთილია თეთრ მარმარილოზე იტალიაში, მხატვარ ფიოდორ ხოდოროვიჩის მოდელით.

ამავე დღეს საღმრთო ლიტურღია და პანაშვიდი გადაუხდია გორის ეპისკოპოს ლეონიდესა და ალავერდის ეპოსკოპოს კირიონს (შემდეგში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები).

პანაშვიდს დაესწრო დიმიტრი ყიფიანის ქვრივი ნინო ჭილაშვილი და ოჯახის სხვა წევრები, აგრეთვე იმდროინდელი ქართული ინტელიგენცია. ძეგლის გახსნის შემდეგ შთამბეჭდავი სიტყვა წარმოსთქვა მამა დავითის ეკლესიის წინამძღვარმა, მამა ნესტორ მაჭარაშვილმა. გაიხსენეს დიმიტრი ყიფიანის დიდი წვლილი ქართველი ერის წინაშე.

თბილისში დიმიტრი ყიფიანის სხვა ძეგლი არ გვაქვს. დიდი ხანია მცდელობაა რომელიმე სკვერს ეწოდოს მისი სახელი, მაგრამ უშედეგოდ.