8 ოქტომბერი, 2019

საინტერესო ისტორია გია ყანჩელზე

საინტერესო ისტორია გია ყანჩელზეკომპოზიტორ გია ყანჩელზე და მის საოცარ შემოქმედებაზე მწერალი დათო გორგილაძე საინტერესო ისტორიას იხსენებს:

“ამის მოყოლა არ მინდოდა, მაგრამ არ მომასვენებს და აჯობებს დავნებდე.

ასე მგონია, ამ ქვეყანაში ყველას თავისი ყანჩელი ჰყავს. ყველასი სევდიანია და მგონი, ჩემი ყველაზე მეტად სევდიანი.

ზაფხულის შუადღეა. პაპანაქება იოლი ნათქვამია იმაზე, რასაც მზე ვაზისუბანს უკეთებს. ბავშვი ვარ. მეგობრები დასასვენელად არიან, მე – თბილისში. უბანი ცარიელია. ცარიელი და ცეცხლმოკიდებული.

ეზოში კი დავდივარ, მაგრამ ეს სიარული უდაბნოში ჩარჩენილი მოგზაურის ხეტიალს ჰგავს – მირაჟებს ვხედავ, ძეხორციელი არ დაიარება ჩემ გარდა.

უცებ ცაცხვის ხის ჩრდილში მჯდომარე უბნელი დავინახე და გვერდით მივუჯექი.

ეს კაცი ვაზისუბნის ჩაშვებულ ნარკომანებს შორის ყველაზე ჩაშვებული იყო. ვუყურებ და ყოველ ამოსუნთქვას კვნესას აყოლებს. მე ხო მცხელა და მას როგორ სცხელა, წარმომიდგენია. გრძელმკლავიანი პერანგი აცვია, ნანემსარებს მალავს, მაგრამ ხანდახან სახელოებს იწევს და დიდხანს აკვირდება. „პრაკოლები კი არა, კალოდეცები მაქვს, დათუნა” – ამბობს.

ბავშვისთვის თანაგრძნობა უცხო არ არის, მაგრამ იმ მომენტში მაინც განსაკუთრებული თანაგრძნობით განვეწყვე მის მიმართ. მომეჩვენა, რომ ასეთი მარტოსული იქამდე არასდროს არავინ მენახა.

ვისხედით და ვუყურებდით ჩვენ წინ ასფალტს რა მსხვილ ტალღებად ასდიოდა ალმური.
ის ოხრავდა, ღრმად სუნთქავდა, კვნესოდა და ამ ხმას მივეჩვიე კიდეც.

თუმცა უეცრად, კვნესა შეაჩერა. ამან რიტმიდან ამომაგდო, მეც შევიკარი სუნთქვა და დაველოდე, როდის განაგრძობდა ტანჯვას.

იცით რა მოხდა? კვნესის მაგივრად, თვალდახუჭულმა, რკინის ღობეს თავმიყრდნობილმა, ძალიან ჩუმად, მხოლოდ საკუთარი თავისთვის დაიწყო ღიღინი: ტაა რა რა რააა, ტა რა რა რა რააა.
და ასე, ძალიან დიდხანს.

მაშინ არ ვიცოდი რას ღიღინებდა, მაგრამ ეს მელოდია, როგორც უკიდურესად მარტოსული ადამიანის გედის სიმღერა, სამუდამოდ ჩამებეჭდა გონებაში. მხოლოდ ბევრი წლის შემდეგ მივხვდი რასაც ღიღინებდა.

ალბათ ბედნიერებაც ეგაა: ადამიანს ყველაზე რთულ მომენტში აძლევდეს ძალას ის, რაც შენს გონებაში დაიბადა.
ეს მარტოსული კაცი ახლა კარგადაა, როგორც ამბობენ.

ყანჩელი გარდაიცვალა.

თუმცა, როცა ყანჩელისნაირ ადამიანებზე ვსაუბრობთ, სიტყვა გარდაცვალება საკამათო ხდება.

მშვიდად იძინე სევდიანო მოხუცო…”