3 ოქტომბერი, 2019

რობერტ სტურუა გია ყანჩელს ემშვიდობება

რობერტ სტურუა გია ყანჩელს ემშვიდობებარუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი რობერტ სტურუა კომპოზიტორ გია ყანჩელს ემშვიდობება:

“საქართველომ უდიდესი დანაკლისი განიცადა. გარდაიცვალა დიდი კომპოზიტორი გია ყანჩელი. მან შექმნა მუსიკა, რომელიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის. გია ყანჩელმა სამართლიანად დაიკავა ადგილი მსოფლიოს უდიდეს კომპოზიტორთა შორის.

განსაკუთრებულია ყანჩელის როლი რუსთაველის თეატრის აღორძინებაში. ყანჩელთან თანამშრომლობამ არნახული წარმატება მოუტანა ქართულ თეატრს მთელ მსოფლიოში. რომ არა გია ყანჩელის მუსიკა, ალბათ „კავკასიურ ცარცის წრეს“, „რიჩარდ III-ს“, „მეფე ლირს“, „მაკბეტს“, „მეთორმეტე ღამეს“, „ჰამლეტს“, „ლამარას“, „სტიქსს“ და სხვა, არ ექნებოდა ასეთი დიდი აღიარება.

ქართველი ხალხი არასდროს დაივიწყებს თავის სასიქადულო შვილს. გია ყანჩელის სახელი სამუდამოდ ჩაიწერა ქართული ხელოვნების ისტორიაში.”