ჯორჯ ბაირონმა “დონ ჟუანი” ქართველ გოგონას მიუძღვნა

ჯორჯ ბაირონმა "დონ ჟუანი" ქართველ გოგონას მიუძღვნამსოფლიოში ცნობილმა პოეტმა ჯორჯ ბაირონმა თავისი უკანასკნელი ნაწარმოები “დონ ჟუანი” ქართველ გოგონას მიუძღვნა.

როგორც ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ლექსად წარმოდგენილ დაუმთავრებელი რომან “დონ ჟუანში” ქართველი ქალი სილამაზის ეტალონად არის მიჩნეული:

“XIX საუკუნის 20-იან წლებში საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე ახალგაზრდა ქართველი გოგონა დაუკრძალავთ, რომელსაც მსოფლიოში სახელგანთქმულმა პოეტმა ჯორჯ გორდონ ლორდ ბაირონმა საკუთარი შემოქმედების უკანასკნელი ნაწარმოები „დონ ჟუანი“ მიუძღვნა, სადაც ქართველი ქალი სილამაზის ეტალონად არის მიჩნეული. ბაირონი წერდა: ,,დონ-ჟუანი ქალის კოსტიუმში ისეთი ლამაზი იყო, რომ მხოლოდ ქართველ ქალს თუ შეადარებდიო.”

ჯორჯ ბაირონმა ეს სტრიქონები სწორედ კრეტაზე გარდაცვლილ ქართველ ახალგაზრდა ქალს მიუძღვნა:

ვიცი, შენს საფლავს ხსოვნის ნიშნად ქვაც კი არ ადევს,
მინდა სიმართლეს გავუსწორო მზერა თვალებში,
ვაითუ ყველამ დაგივიწყა, არვის ადარდებ,
ასე უდროოდ, ასე მალე რატომ წახვედი…

ცხრა მთის გადაღმა, ცხრა ზღვის გადაღმა მეგულებოდი,
და სიყვარული ჩვენი თურმე იყო ამაო,
შენკენ მოჰქროდა ერთი ფიქრი – კვლავ შევხვდებოდით,
თუმც დამსხვრეული იმედები დამრჩა სანაცვლოდ…

როცა სიკვდილი გიმზადებდა მსუბუქ აღსასრულს,
როცა წარსულმა გაიელვა უხმო წამებით,
გულს ვინ ეწადა? თუ ნატრობდი შენგან შორს წასულს?
ვისაც უყვარდი და კვლავ უყვარხარ კვლავ გამალებით…

სხვისთვის თუ იყავ უფრო მეტი ზრუნვის საგანი?
გულს ვის უკლავდი, როცა თვალში შუქი ჩაგიქრა?
ვიდრე სიკვდილის და სიცოცხლის ჰპოვე სამანი…
ხომ ჩუმი სევდით მიზიდავდი წუხილს, საფიქრალს.

სადაც მე დიდხანს არ დამიდგამს ფეხი თავადაც
აქ დაგიტირე, ამ კოშკებში, ამ დარბაზებში,
რისთვის მომიხმეს, თუ მელოდა ტანჯვა მარადჟამს,
ბებერ ქონგურებს ვეფერები ამ განსაცდელში.

სხვა ცისქვეშ მახსოვს მე ცრემლები, ჩვენი გულწრფელი,
ჩვენს თვალთამზერას ვერ ხედავდა უცხო ახდილად
გულში მწვდებოდა შენი ფიქრი გამოუთქმელი,
მთრთოლარე ხელი მეხებოდა მხოლოდ ფაქიზად,

შენი ამბორი წმიდა იყო და უწყინარი,
დიდრონ თვალებში გამოკრთოდა მზერა უმწიკვლო,
ვნება იქ უმალ გაქრებოდა ვით უჩინარი,
და სიყვარულის ყველა განცდა იყო უბიწო.

მე, გულჩათხრობილს შენი ხმა თუ მახალისებდა,
შენით ვისწავლე სიცოცხლესთან ლაღი ტრფიალი,
ჰანგი უტკბესი მიქარწყლებდა დარდსა და სევდას,
ღვთიურ სიმღერით ჩამესმოდა ცათა შრიალი,

სად ხარ ახლა, სად გეძებო სულზე უტკბესო?
თან წარიტანე სანუკვარი ის სახსოვარიც…
შენი თან დამაქვს, ისღა დამრჩა ხსოვნად უბედოს,
როგორც არასდროს ვარ ბედკრული და უბედური…

თუ სათნოება შენი გულის სევდას მისახავს
და სული შენი ცათა მიღმა გაცისკროვნდება,
ლოცვა–ვედრებით მომაწიე ნეტარ მომავალს,
თან წამიყვანე! ამისრულე ერთი ოცნება,

ბედის ბორბალი დატრიალდა რადგან უკუღმა,
თავად მოწყალე პატიებას შენგან მოვითხოვ,
და თუ ამქვეყნად ჩვენს სიყვარულს ბედმა უმუხთლა,
მჯერა შევხვდებით, როს საუფლო ცათა მომიხმობს…”