მწვადის სუნში უკანასკნელ გზაზე გაცილებული გია ყანჩელი

მწვადის სუნში უკანასკნელ გზაზე გაცილებული გია ყანჩელიკომპოზიტორი გია ყანჩელი რუსთაველის თეატრიდან უკანასკნელ გზაზე გააცილეს და დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.

ოპერის მომღერალი ვანიკო გალუაშვილი წუხს, რომ მწვადის სუნად გადაქცეულ ქალაქს გენიოსის დაკრძალვის დღეს მაინც მართებდა სათანადო პატივის მიგება:

“წარმოიდგინეთ, იტალიაში ვერდი ან პუჩინი გარდაცვლილიყო, ავსტრიაში – მოცარტი, გერმანიაში – ბახი, საფრანგეთში – რაველი, პოლონეთში – შოპენი, რუსეთში – ჩაიკოვსკი და ძალიან ბევრის ჩამოთვლა შეიძლება ხო გამოჩენილი კომპოზიტორების, ალბათ გლოვა იქნებოდა გამოცხადებული და მთელი ქვეყანა უდიდეს პატივს მიაგებდა…

ასეთი იყო და იქნება დღევანდელი საქართველოსთვის და მომავალი საქართველოსთვის გია ყანჩელი… უბრალოდ, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყანაში და ალბათ ყველგან, ძალიან დიდ, სათანადო პატივს მიაგებდნენ… ჯერ კიდე ვერ ვაცნობიერებთ ვინ დააკლდა ქვეყანას… ასეა, ძვირფასო ბატონო გია… ჩვენთან რომ “მოკვდები”, ან რომ “მოგკლავენ”, მერე დაიწყებენ შენს დაფასებას…

საერთოდ არ მინდოდა არაფრის დაწერა, მაგრამ მწვადის სუნად გადაქცეულ ქალაქს გენიოსის დაკრძალვის დღეს მაინც მართებდა სათანადო პატივის მიგება…

თქვენ უკვდავება შექმენით და უღმესი მადლობა, რომ ქართველი იყავით, თან გამორჩეული ქართველი, ღირსებით, ადამიანობით, საქციელით!”