18 ოქტომბერი, 2019

მიხეილ კობახიძე – უნიჭო ბრბოსთან მებრძოლი რეჟისორი

მიხეილ კობახიძე - უნიჭო ბრბოსთან მებრძოლი რეჟისორი– კინორეჟისორი მიხეილ კობახიძე აიძულეს კინოდან წასულიყო, თუმცა ამან ვერ გატეხა, საკუთარი ხელობით ირჩენდა თავს და არ დაუხარა თავი უნიჭოების ბრბოს… – აცხადებს მოქანდაკე ირაკლი ჟვანია:

“წავიდა მიხეილ კობახიძე. კაცი, რომელმაც შედევრები შექმნა ქართულ კულტურაში. სადმე შტატებში ან ევროპაში მას ხელის გულზე ატარებდნენ, ათობით ფილმი ექნებოდა გაკეთებული და დააფასებდნენ…

საქართველოში სხვანაირად იციან ნიჭთან ბრძოლა, ვერ აიტანეს მისი გემოვნების და აზროვნების მასშტაბი, გადაუკეტეს გზა და აიძულეს წასულიყო კინოდან… აქაც ვაჟკაცურად და ნიჭიერად მოიქცა, საკუთარი ხელობით ირჩენდა თავს და არ დაუხარა თავი უნიჭოების ბრბოს…

ასევე მოექცა ეს ბრბო ვასილ ამაშუკელს, ქართული კინოს ფუძემდებელს, რომელიც ქუთაისის მერიაში ელექტრიკოსად მუშაობდა რომ თავი ერჩინა, როდესაც უნიჭოები ფილმებს ბეჭდავდნენ…

რამდენი ასეთი სახელია ისტორიაში, გენიოსები, მაგრები, რომლებსაც ებრძვის და ცოცხლად ჭამს მისივე საზოგადოება, მარტო გალაკტიონი რად ღირს…

ახლაც ასეა, შეიძლება ოდნავ უკეთესად, მაგრამ ბევრად არა, ქართველს ხომ ქართველზე დიდი მტერი არ ჰყავს… ცნობილი ვიდეო მახსენდება, მარტოხელა ლომს რომ აფთარები უტევენ და ერევიან, აბა რა, ბევრნი არიან…

მიხეილ კობახიძე ლომი იყო, ხელოვნებაშიაც და ცხოვრებაშიც, და ასე წავიდა თავაწეული. როგორც გია ყანჩელი და ქართული მუსიკაა ერთი სახელი, ასევე იქნება მუდამ მიხეილ კობახიძე და ქართული კინო.”