მარტოსული მიხეილ კობახიძის უდიდესი განძი

მარტოსული მიხეილ კობახიძის უდიდესი განძიმართალია მიხეილ კობახიძის მთელი შემოქმდება სულ რამდენიმე მოკლემეტრაჟიან შავ-თეთრ ფილმს ითვლის, მაგრამ კინორეჟისორ ლანა ღოღობერიძისთვის ეს უდიდესი განძია.

ლანა ღოღობერიძე:

“კიდევ ერთი უმძიმესი დანაკარგი – წავიდა ამ ქვეყნიდან მიშა კობახიძე.

მიშა კობახიძე – იუმორით სავსე, ლაღი, მხიარული, ყველა თავშეყრის თუ ღრეობის სულისჩამდგმელი…

ამავე დროს – მთელი ცხოვრება იოგას მიმდევარი, ასკეტი.

არსში – ნამდვილი მარტოსული.

“ამაოებას, ქვეყნის ყაყანს მოშორებული დგას ის, რაც მე ვარ„- ვფიქრობ ასე, უიტმენივით, შეეძლო ეთქვა მიშას.

მიშა კობახიძე – სულ რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი, შავ-თეთრი, უხმო ფილმის ავტორი და დიდი რეჟისორი!

რაღაც დაუჯერებელი, საკვირველი, ზმანების, თუ სიზმრის მსგავსი სამყაროს შემქმნელი და გამომგონებელი…

ეს სამყარო ხან მოსკოვის ხალხით (თუ რობოტებით) გროტესკულად გადაჭედილი ქუჩაა, ხან თბილისის ვიწრო მისახვევ-მოსახვევი, ხან უსასრულო ლიანდაგი და ასეთივე უსასრულო გზა და მეტი არაფერი, ხან აბსოლუტურად თეთრი უდაბნო (თოვლი?) და აქაც – სხვა არაფერი…(ეს სითეთრე “მუსიკოსებში” ისეთ უკიდურესობამდეა მიყვანილი, როგორც აბსოლუტური აბსტრაქცია და ამდენად, ის თავისთავად იქცევა სიმბოლოდ. რისი? ალბათ, მარადიულობის).

და ეს სამყარო დასახლებული უცნაური არსებებით, რომლებიც დაჯილდოვებულნი არიან განუმეორებელი, რაღაც ჩაპლინისეული პლასტიკით და გაუცხოვებული მზერით…

სამყარო, სადაც უცებ, არსაიდან შეიძლება გამოფრინდეს ქოლგა, გაედევნოს შეყვარებულებს, და ისევ გაქრეს, გაუჩინარდეს მაშინ, როცა მათ ურთიერთობას ბზარი გაუჩნდება…

სადაც შავსათვალიანი მექალთანე შეიძლება დაეცეს გაწნილი სილისგან და გატყდეს, როგორც ცარიელი ჭურჭელი…

მიშა კობახიძე ის განსაკუთრებული რეჟისორია, რომელმაც შექმნა საკუთარი, ყველასგან განსხვავებული კინოენა! სულ პატარა ბიჭი იყო, ვგიკის სტუდენტი, და უკვე ზუსტად იცოდა, რა და, რაც მთვარია, როგორ უნდა ეთქვა. ლიტერატურული ტექსტის ბატონობის ხანაში მან პირველივე ფილმებში უარყო სიტყვა და აზრის და ემოციის გამოხატვა მთლიანად გამოსახულებას დააკისრა. და გამოსახულებასთან ერთად – მუსიკას, ეს დიდი შემოქმედებითი გამბედაობაა. მის ფილმებში ადამიანები თავიანთ ემოციებს განსაკუთრებული მოძრაობებით და ჟესტებით გამოხატავენ.

გაიხსენეთ, რა პლასტიკით, რა ნახტომებით მისდევენ ქოლგას ფილმის გმირები, ან როგორ მოძრაობენ და ცეკვავენ მუსიკოსები, – და ეს ყველაფერი რეჟისორის მიერაა დადგმული, ეს მისი ხედვაა, მისი ქორეოგრაფიაა. ამ ხედვაში თავისი, მნიშვნელოვანი ადგილი ჰქონდა მუსიკას. ამიტომაც მიშა მუსიკალურადაც თვითონ აფორმებდა თავის ფილმებს.

მახსენდება “კარუსელი” – მიშას სტუდენტობისდროინდელი ნამუშევარი. უკვე პირველ რამდენიმე კადრში – პაროდია მთელ საბჭოთა სისტემაზე: ყველაფერი ერთფეროვანი, ერთნაირი, ნიველირებული, სახლები, ქუჩები და ადამიანები, მათი მოძრაობები, ჟესტები, ავტომატიზმამდე დაყვანილი. ყველა ერთად, მასიურად – გაზეთის მკითხველები, – ცვეტაევას “გლოტატელი პუსტოტ, ჩიტატელი გაზეტ”. და მთელ ამ წაშლილ, უსახურ ფონზე – გოგო და ბიჭი, მათი უსასრულო სვლა ერთმანეთისკენ. თუმცა ბოლოს ისინიც კარგავენ ერთმანეთს, ალბათ იმიტომ, რომ ამ უსულო სამყაროში გრძნობას არა აქვს ადგილი. მარტო ეს პირველი კი არა, მიშას ყველა ფილმი სევდიანად მთავრდება. ადამიანები რჩებიან მარტო.

დაემსხვრა ოცნება, თუ ილუზია “ქორწილის” გმირს და ხელში შერჩა მხოლოდ სატრფოსთვის განკუთვნილი თაიგული. გაიბზარა სიყვარული, გაფრინდა ქოლგა. მუსიკოსებიც კი, რომელთაც მუსიკამ აპოვნინა ჰარმონია, ბოლოს მაინც, (თუ არ ვცდები) სხვადასხვა მხარეს წავიდნენ იმ უსასრულო თოვლის უდაბნოში.

ასე ხედავდა მიშა ჩვენს არსებობას. ამიტომაც ვფიქრობ, რომ თავის არსში ის მარტოსული იყო.
მიშა წავიდა, მაგრამ დაგვიტოვა უდიდესი განძი, თავისი ხელით შექმნილი მშვენიერება, მშვენიერება კი ის ერთადეთი რამ არის, რასაც ძალუძს შეგვარიგოს სიკვდილთან:

“დღეს ყველგან მზეა და სილამაზე,
სიკვდილთან ჩვენი შემრიგებელი.”