4 ოქტომბერი, 2019

ხელოვნების სასახლეში საქართველოსა და ისტორიული ტაო-კლარჯეთის ფოტოები გამოიფინება

ხელოვნების სასახლეში საქართველოსა და ისტორიული ტაო-კლარჯეთის ფოტოები გამოიფინებახელოვნების სასახლეში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით გაიხსნება გერმანელი მხატვრის, მოგზაურისა და მკვლევარის ვერნერ რუდიგერის მიერ XX საუკუნის 70-80-იან წლებში საქართველოსა და ისტორიულ ტაო-კლარჯეთში გადაღებული ფოტოების გამოფენა.

ექსპოზიცია მრავალმხრივ არის საინტერესო, რადგან ფოტოებზე აღბეჭდილი ბევრი ქართული ისტორიული ძეგლი, დღეს უკვე სახეცვლილია ან საერთოდ აღარ არსებობს. ფოტოებს მხატვრულისა და ეთნოგრაფიულის გარდა, სამეცნიერო მნიშვნელობაც აქვს, ვინაიდან ავტორს დეტალურად აქვს გადაღებული ლაპიდარული და ფრესკული წარწერები; მათგან განასკუთრებული აღნიშვნის ღირსია მამაწმინდის 12 სტრიქონიანი ასომთავრული წარწერა.

გამოფენის ფარგლებში, მოეწყობა „ვერნერ რუდიგერის ფოტოდღიური“ -ორენოვანი (ქართული/გერმანული) კატალოგის პრეზენტაცია.

გერმანელი მკვლევარი საქართველოში პირველად 1971 წელს ჩამოვიდა. დღიურში გაკეთებული ჩანაწერების თანახმად, იმ პერიოდში თურქეთისა და საქართველოს შესახებ ლიტერატურა თითქმის არ არსებობდა. ცოტა რამ შეიტყო 1968 წელს სტამბოლში გამოცემული აჰმედ ოზგანის, ალია მელაშვილის წიგნიდან, „გურჯისტანი“. მოგვიანებით კი, მიუნხენში, სადაც რუდიგერი მხატვარ-გრაფიკოსად მუშაობდა, სიძველეთა მაღაზიაში, 1924 წელს გამოცემულ ა.სანდერსის წიგნს „კავკასია“ გადააწყდა. ეს იყო ისტორიული ნარკვევების კრებული, რომელიც დეტალურად აღწერდა საქართველოს ისტორიულ და ხუროთმოძრულ ძეგლებს.

აღსანიშნავია, რომ ვერნერ რუდიგერის ნახატების კოლექცია საქართველოს ხელოვნების სასახლეში 2009 წლიდან ინახება, ხოლო 300-ზე მეტი უნიკალური ფოტო ხელოვანმა მუზეუმს 2018 წელს გადასცა.

გამოფენა ხელოვნების სასახლეში 21 ოქტომბრამდე გაგრძელდება.