8 ოქტომბერი, 2019

გვირგვინების განსაკუთრებული კოლექცია ხელოვნების სასახლიდან

გვირგვინების განსაკუთრებული კოლექცია ხელოვნების სასახლიდანხელოვნების სასახლეში არაერთი ძვირფასი ნივთია დაცული. მათ შორისაა ქართული გვირგვინები, რომლებსაც თავისი საინტერესო ისტორია აქვთ.

გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორი:

“ძვირფასო მეგობრებო, ამაღამ აფრიკაში მივფრინავ, თუმცა წასვლამდე ერთი განსაკუთრებული კოლექცია მინდა გაგიზიაროთ, მას ფართო საზოგადოება პირველად ხედავს. 6 თვის განმავლობაში საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობდა რესტავრაცია, რომელიც მიზნად ისახავდა ჩვენი სასახლის მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში ქართული გვირგვინების კოლექციის გამოფენას!

პირველი ეტაპი დასრულებულია, ახლა საექსპოზიციოდ ვემზადებით. პირველ ორ ფოტოზე წარმოდგენილია საინტერესო გვირგვინი. მისი აღწერილობა ასეთია:48 ბრილიანტი, 1 დიდი ოქროსფერი სამეფო ტოპაზი, 7 ზურმუხტი, 48 ძოწი, 19 ჟადეიტი, 12 ფირუზი, 8 ციტრინი და 12 მთის ბროლი, ამასთანავე 400 გრამი მოოქრული თითბერი და 500 გრამი ვერცხლი.

გადმოცემის მიხედვით, ძვირფასი თავსადგამი ქართველ დიდებულთა ერთ-ერთ ოჯახს ეკუთვნოდა, ის მეოცე საუკუნის 30-იან წლებში არ გაუყიდიათ (სწორედ მაშინ გაყიდეს გიორგი მეთორმეტის გვირგვინი), თუმცა ნაწილობრივ გაძარცვეს და კეთილშობილ თვლებთან ერთად, ძვირფასი ლითონებიც მოხსნეს, გვირგვინისგან მხოლოდ ხელშეუხებელი მემორიალური კარკასი დატოვეს.

არსებობს მეორე ვერსიაც, რომ გვირგვინი სარიტუალო დანიშნულებისა იყო და მას ეკლესიებში ქართული თავადაზნაურობის წარმომადგენლები ჯვრისწერის დროს იყენებდნენ. ადვილი შესაძლებელია ის თბილისის ყველაზე ბანოვანი წყვილის გრაფ ოლდენბურგისა და აგრაფინა ჯაფარიძის საქორწილო სარიტუალო სიმბოლოც ყოფილიყო…

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, გვირგვინი კინოსტუდიას როგორც რეკვიზიტი ისე გადაეცა. დღემდე უცნობია, როდის დაზიანდა ძვირფასი რელიქვია. ის კინო წარმოებას ნაწილობრივ გაძარცული ერგო, თუ შემდეგ მოხდა მისი დაზიანება. გვირგვინი სავარაუდოდ ევროპული (ან რუსული) ხელოვნების ნიმუშია. ჰუგო შტროლის ჰერალდიკური ატლასის მიხედვით, ის ფორმით ფრანგულ, კერძოდ ორლეანისა და ანჟუს ჰერცოგების, ბროკჰაუზის ენციკლოპედიის მიხედვით კი უფრო გერმანელი ჰერცოგების (უფრო ოლდენბურგების) გვირგვინებს გავს. გვირგვინის ზედა ნაწილი 1798 წელს ქართლ-კახეთის მეფის გიორგი მეთორმეტისათვის დამზადებულ გვირგვინის ზედა მხარესაც იმეორებს.

ძვირფასი დიადემისა და საქორწილო გვირგვინის ისტორიას უკვე შემდეგ ჯერზე მოგიყვებით. მანამდე კი ამ კოლექციის სილამაზით დატკბით. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა საქართველოს ბანკს და მის ბრწყინვალე თანამშრომლებს ამ დიდ საქმეში თანადგომისათვის.”

გვირგვინების განსაკუთრებული კოლექცია ხელოვნების სასახლიდან

გვირგვინების განსაკუთრებული კოლექცია ხელოვნების სასახლიდან

გვირგვინების განსაკუთრებული კოლექცია ხელოვნების სასახლიდან